მეცნიერები სოციალურ ქსელში „საშიშ“ ფაქტებს აზიარებენ, რომლებზეც ხალხმა არაფერი იცის

გამოქვეყნდა:

ერთ-ერთ ცნობილ სოციალურ ქსელ Reddit-ზე მომხმარებელმა იქ დარეგისტრირებულ მეცნიერებს სთხოვა, ისეთი „საშიში“ ფაქტები გაეზიარებინა, რის შესახებაც, მათი აზრით, ხალხს წარმოდგენა არ ექნებოდა. 

ამ პოსტიდან რამდენიმე საუკეთესო ამოვარჩიე და გადავწყვიტე, თქვენთვისაც მეჩვენებინა მათი თარგმანი. ზოგიერთი მომხმარებლის პოსტი თავის თავშივე ხსნის ყველაფერს, ზოგს კი მეტი დეტალი და ახსნა სჭირდება, რომელსაც პოსტის ქვეშვე შემოგთავაზებთ.

1. ჯილეხი

ჯილეხს მიწაში სპორების წარმოქმნა შეუძლია და ის რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში სიცოცხლისუნარიანია, სანამ ნიადაგი არ დაზიანდება და სპორებს არსებები არ შეისუნთქავენ.

ჩრდილოეთის ირემი

მართალია, ერთ-ერთი ძველი დაავადება ჯილეხი წლების განმავლობაში დამარხულ მდგომარეობაშია და ელოდება შანსს, რომ ზომბივით გაცოცხლდეს და სხვები დააინფიციროს. 2016 წელს, ციმბირში ჯილეხის ეპიდაფეთქებამ, მინიმუმ, 1500 ჩრდილოეთის ირემი დახოცა, 4 ადამიანს ჰოსპიტალში გადაყვანა დასჭირდა და, სავარაუდოდ, 12 წლის ბავშვიც მოკლა, როდესაც ინფიცირებული ჩრდილოეთის ირმის 75 წლის წინანდელი გვამი დადნა.

კლიმატის კრიზისის გაგრძელებასთან ერთად, ასეთი ფაქტები უფრო გახშირდება.

2. პრიონები

პრიონები. არასწორად დაკეცილმა ცილებმა, რომლებიც ცილათა კასკადის არასწორად დაკეცვას იწვევს, შეიძლება ამილოიდური ნადების დაგროვება გამოიწვიოს, ეს კი ისეთ უკონტროლო ნეიროდეგენერაციას დაგმართებთ, რომელიც 100%-ით მომაკვდინებელია სულ რაღაც ორ წელიწადში. არ იკურნება. წარმოდგენა არ გვაქვს, რა იწვევს მას. არ გვესმის არასწორად დაკეცვის კასკადის მექანიზმი. ჩვენ არასწორად დაკეცილი ცილების სტრუქტურა სრულადაც არ ვიცით. თეორიულად, ის ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, ნებისმიერ დროს, და სიმპტომების გამოვლენამდე არ არსებობს ამის გაგების შანსი. თუ იღბლიანი ხართ, ამ დროს უკვე 18 თვე გექნებათ დარჩენილი, რომლის უკანასკნელი 6 თვე საშინლად არაკომფორტული იქნება.

ჯანმრთელი პრიონული ცილა, რომელიც სწორადაა დაკეცილი.

პრიონული დაავადებები ნამდვილად საშინელებაა. ალბათ, ყველაზე საზარელი მაინც ფატალური ოჯახური ინსომნიაა. ეს დაავადება გენეტიკურად გადადის და ჩვეულებრივ მაშინ გემართება, როდესაც 50 წლის ასაკს მიაღწევ. ვერ იძინებ, ვერ იძინებ, ვერ იძინებ, კიდევ ვერ იძინებ, უფრო ვერ იძინებ და ბოლოს კვდები.

წიგნში, სახელად „ოჯახი, რომელსაც დაძინება არ შეეძლო“, ამ დაავადებაზე ვკითხულობთ:

„შუა ხნის ასაკში ადამიანი აღმოაჩენს, რომ ის ოფლიანობას იწყებს. სარკეში ჩახედვა ცხადად დაანახებს, რომ მისი თვალის გუგები ქინძისთავის ზომამდე შეიკუმშა და თავი უცნაურად, გახევებულ მდგომარეობაში აქვს. ქალებს მეყსეულად მენოპაუზა ემართებათ და კაცები იმპოტენტები ხდებიან. ავადმყოფს დაძინების პრობლემა აქვს და კომპენსირებას შუადღისას გამოძინებით ცდილობს, მაგრამ უხეიროდ. მისი სისხლის წნევა და პულსი იზრდება და სხეული გადაღლილია. მომდევნო თვეებში, ის დაძინებას სასოწარკვეთით ცდილობს, ხანდახან ხუჭავს თვალებს, მაგრამ ოდნავ გაშტერებაზე მეტს ვერასოდეს აღწევს“.

18 თვის შემდეგ, უიშვიათესი დაავადების მქონე ადამიანი იღუპება.

3. დაკარგული ბომბი

1958 წელს, ჯორჯიის სანაპიროდან, სავანასთან ახლოს, 3,5 ტონა ატომური ბომბი დაიკარგა. ის დღემდე არ უპოვიათ.

Mark 15.

არაფერია იმაზე ცუდი, როდესაც შენს საყვარელ ყურსასმენს, წინდას ან ორი ქალაქის გამანადგურებელ ატომურ ბომბს დაკარგავ. დიახ, ამერიკის შეერთებული შტატები 32 ინციდენტზეა პასუხისმგებელი, რომელიც მოიცავს ბომბის შემთხვევით გაშვებასა და დეტონაციას, ქურდობას ან დაკარგვას. დაკარგვას. ატომური ბომბის დაკარგვას.

1958 წლის 5 თებერვლის გამთენიისას, სიმულირებული შეტაკების მისიის დროს, B-47 ბომბდამშენი Mark 15-ის 3400 კილოგრამიანი ატომური ბომბით შემთხვევით თვითმფრინავ F-86-ს შეეჯახა. დაზიანებულმა ბომბდამშენმა არაერთხელ სცადა მიწაზე დაჯდომა, მაგრამ უხერიოდ. საბოლოოდ, გადაწყვიტეს, რომ ბომბი სავანას მდინარეში ჩაეგდოთ, რათა ავიამოიერიშე უსაფრთხოდ დამჯდარიყო. საბედნიეროდ, თვითმფრინავი წარმატებით დაეშვა მიწაზე და ბომბიც არ აფეთქდა. თუმცა, გამანადგურებელი ბომბი დღემდე უკვალოდ დაკარგულად ითვლება.

ატომურ ბომბზე რადგანაც დაიწყო საუბარი, უსამართლობა იქნება, რომ ეს ფაქტი არ ვახსენოთ:

მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ამერიკა პირველ ატომურ ბომბებზე მუშაობდა, მათ მათემატიკურად არ ჰქონდათ დათვლილი, გამოიწვევდა თუ არა ბირთვული აფეთქება ატმოსფეროში უწყვეტ რეაქციას, რომლითაც საბოლოოდ დედამიწა განადგურდებოდა.

საინტერესოა, რომ ის მაინც დათვალეს:

ვფიქრობ, ეს ემილ კონოპინსკი იყო, ვინც ორმაგად გადაამოწმა ეს მათემატიკური მოდელი. მათ [ამერიკელებმა] ემილს არ უთხრეს, რას ამოწმებდა, სანამ არ მოხდა.

თუმცა, პატიოსნად თუ ვიტყვით, ამისი შესაძლებლობა ძალიან მცირე იყო და მაინც მოხარული ვარ, რომ ვიღაცამ ამის შემოწმებაზე იფიქრება, მიუხედავად იმისა, რამდენად შეუძლებელი იყო მისი მოხდენა.

4. ანესთეზია

ზოგიერთი ანესთეზიის ფორმა ტკივილს კი არ გიყუჩებთ, არამედ გავიწყებთ მას.

და ბარემ აქვე მეორე ფაქტიც, რომლის ავტორსაც ზედა ფაქტის ავტორის ნათქვამმა გაახსენა:

ეს მახსენებს იმ ადრეულ „ანესთეზიას“ ბავშვებისთვის, რომლებიც ტკივილის გაყუჩების ნაცვლად, მათ პარალიზებას იწვევდა. ექიმებს ბავშვების მიერ აღწერილი ტკივილების უბრალოდ არ სჯეროდათ. ამის გამოყენება მაშინ შეაჩერეს, როდესაც ექიმის შვილმა სამედიცინო პროცედურასა და გაკვეთის დეტალებს დაწვრილებით მოყვა.

5. ბოლო სიტყვები

ელექტროენცეფალოგრამის მიხედვით, სმენა ბოლო გრძნობაა, რომელიც ადამიანს სიკვდილისას უქრება. 

2020 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ის სიტყვები, რომლებიც გარდაცვლილ საყვარელ ადამიანს სიკვდილის წინ ჩაჩურჩულეთ, შესაძლოა, ჰაერზე ნათქვამი არ ყოფილიყო და რეალურად მას სიკვდილის წინ თანადგომაში დახმარებოდა.

6. დიდი ატრაქტორი და სუპერვოიდი

კოსმოსში გრავიტაციული ანომალიაა, რომელსაც დიდ ატრაქტორს (რაღაც, რაც იზიდავს) უწოდებენ. ის ქალწულისა და ჰიდრა-კენტავრის სუპერგროვებში არსებულ ყველა მატერიას მისკენ იზიდავს. ის ჩვენი გალაქტიკიდან 150-250 მილიონი სინათლის წლის დაშორებით მდებარეობს და ჩვენი „ირმის ნახტომიც“ მისკენ მიემართება. ყველაზე საშიში ნაწილი ის არის, რომ დიდი ატრაქტორი ზუსტად იმ სიბრტყეში მდებარეობს, სადაც ჩვენი გალაქტიკა, ამიტომ მისი დაკვირვება უდიდეს სირთულეს წარმოადგენს. ფაქტობრივად, ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს მის რაობაზე.

ამის პასუხად კი, დიდი სიცარიელე, იგივე ვოიდი უნდა ვახსენოთ.

დიდი ატრაქტორის საპირისპირო მენახირის ვოიდია, რომელიც, ჩემი აზრით, ცოტათი საშიშია.

მენახირის ვოიდი, რომელსაც ხანდახან დიდ ვოიდს უწოდებენ, კოსმოსის უზარმაზარი რეგიონია, რომელშიც ძალიან ცოტა გალაქტიკაა თავმოყრილი. ის დედამიწიდან 700 მილიონი სინათლის წლის დაშორებით მდებარეობს და მენახირის თანავარსკვლავედის მიმართულებითაა, სწორედ აქედან მოდის მისი სახელი. ამ სუპერვოიდის დიამეტრი 250 მილიონი სინათლის წელიწადია, რაც ხილული სამყაროს 0,27%-ს წარმოადგენს, ხილული სამყაროს დიამეტრი კი 93 მილიარდი სინათლის წელიწადია! ამ ვოიდის მოცულობა დაახლოებით 236 000 მპსკ3-ია [კილომეტრ კუბებში თუ გადავიყვანთ, გამოვა 6,9 და 64 ნული...]. ეს სამყაროში აღმოჩენილთა შორის ყველაზე დიდი ვოიდია.

თავდაპირველად, ასტრონომებმა ამხელა სივრცეში მხოლოდ და მხოლოდ რვა გალაქტიკა აღმოაჩინეს, თუმცა, დამატებითმა დაკვირვებებმა ეს რიცხვი 60-მდე გაზარდა. შეიძლება ეს ბევრი გეგონოთ, მაგრამ უკეთესი შედარებისთვის, წარმოიდგინეთ, რომ მთელ შეერთებულ შტატებში მხოლოდ 60 ობიექტი შეგხვდეთ (თან ეს მხოლოდ ორი განზომილებაა). ასტრონომ გრეგ ალდერინგის თანახმად, ამ ვოიდის მასშტაბები იმხელაა, რომ „ჩვენი გალაქტიკა მის ცენტრში რომ იყოს, 1960-იან წლებამდე არ გვეცოდინებოდა, რომ სხვა გალაქტიკებიც არსებობს“. მენახირის ვოიდის მოცულობაზე დაყრდნობით, მასში 10 000 გალაქტიკა უნდა არსებობდეს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ თითოეულ გალაქტიკას შორის მანძილი რამდენიმე მილიონი სინათლის წელიწადია.

მაგრამ ისმის კითხვა... რატომ და როგორ შეიქმნა ეს ვოიდი? სამყაროს შექმნიდან დღემდე არ გასულა იმდენი დრო, რომ გრავიტაციას ამ ზომის კოსმოსი ასე გაესუფთავებინა. არსებობს თეორია, რომელიც ამბობს, რომ სუპერვოიდები შედარებით პატარა, მინივოიდების შერწყმით წარმოიქმნა, ზუსტად ისე, როგორც საპნის ბუშტები ერთდება.

მაგრამ უფრო...ალბათ საშიში...ახსნა ის არის, რომ მენახირის ვოიდი შესაძლოა კარდაშევის III შკალის ცივილიზაციებმა შექმნეს. როდესაც კოლონიზაციის ბუშტი ადგილობრივი სისტემიდან ფართოვდება და ზომაში იზრდება, განვითარებული ცივილიზაცია თითოეულ ვარსკვლავს აბნელებს (და, საბოლოოდ, თითოეულ გალაქტიკას) მათ გარშემო დაისონის სფეროების აშენებით. ამის გამო შეიძლება აიხსნას, თუ რატომ აქვს ვოიდს ასეთი ლამაზი, სფერული ფორმა.

და, ჰო, არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ამ ვოიდის 700 მილიონი წლის წინანდელ ვერსიას ვხედავთ. ძალიან ბევრი რამე შეიძლებოდა მომხდარიყო 700 მილიონ წელიწადში, რასაც ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ, რადგან იქიდან წამოსულ სინათლეს ჯერ არ მოუღწევია ჩვენამდე.

ტკბილი ძილი ყველას.

სამყარო სავსეა საოცრებებით, ჩვენ გარშემო უამრავი რამ ხდება, თუმცა, ამის შესახებ ჩვენ წარმოდგენაც არ გვაქვს. ერთი წამით თუ მოვწყდებით ყოველდღიურობას და ვიფიქრებთ უფრო აღმატებულზე, საინტერესოსა და ტვინის სათქვეფზე, უფრო ნაკლებად დავისტრესებით ცხოვრებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი