საპენსიო კანონმდებლობაში ცვლილებების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინიციატივას განიხილავდა. ცვლილებების მიღების შემთხვევაში, "ლიბერთი ბანკი" პენსიონერებისთვის სესხების გაცემაში, მონოპოლი აღარ იქნება.
მმართველ გუნდში ინიციატივას პოპულისტურს უწოდებენ და ამტკიცებენ, რომ ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომელიც პენსიონერებს სხვა ბანკთან ურთიერთობის საშუალებას აძლევს.
სხდომას პენსიონერები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მშობლებიც ესწრებოდნენ. ამბობენ, რომ საპენსიო სესხი უკიდურესი მდგომარეობის გამო აიღეს და უკვე წლებია, დაფარვა მაღალი პროცენტით უწევთ.
ლიბერთი ბანკის მეპატრონე არ არის ბანკირი, ის არის ჩვეულებრივი მძარცველი, რომელსაც სახელმწიფომ ექსკლუზიური უფლება მისცა პენსიონრების ძარცვის. ჩვენი დათვლებით ამ ადამიანს, ე.წ. ბანკირ რუხაძეს წელიწადში მიაქვს დაახლოებით 100 მლნ ლარი პენსიონრების ჯიბიდან. შესაბამისად დღეს ჩვენი კანონპროექტი შეეხება სწორედ ამ ძარცვის დასრულებას ქვეყანაში, ამას არ სჭირდება სამუშაო ჯგუფების შექმნა, ამას არ სჭირდება ბევრი ბელეტრისტიკა, ამას სჭირდება ერთი პატარა ცვლილება კანონში, რომლითაც პენსიონერს ექნება საბანკო მომსახურების არჩევის თავისუფლება. ჩვენ არ ვითხოვთ არანაირი რეგულაციების შემოღებას, არ ვითხოვთ იძულებით რაიმე სესხის პროცენტის დაწევას, ჩვენ ვამბობთ, რომ თუ პენსიონერს ექნება ბანკის არჩევის თავისუფლება მინიმუმ ჩვენი დათვლებით 20%-მდე ჩამოვიდეს სესხის პროცენტი. პენსიონერს დღეს არ აქვს უფლება, რომ საკუთარი პენსიით ე.წ. „ოვერდრაფტი“ აიღოს სხვა ბანკში, იმიტომ, რომ ექსკლუზიური ძარცვის უფლება მისცა ლიბერთი ბანკს, - ამბობს გიორგი ვაშაძე.