"ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებმა ყველა მორალური ჯებირი გადალახეს და საკუთარი კეთილდღეობის უზრუნველყოფას უკიდურესად გაჭირვებული მოქალაქეების ხარჯზეც აღარ ერიდებიან. რუსთავის მერიის წინააღმდეგ ბრალდებები მძიმეა. სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის აშენებული ბინები გაყიდულია, შემოსული მილიონების ხარჯვა კი ბუნდოვანი.
რუსთავის მერიაში განმარტებებისთვის მისულ "მთავარ არხს" მერი ადგილზე არ დახვდა. სპეცსამსახურის პასუხი კი შაბლონურია - 10 საცხოვრებელი სახლის გაყიდვით მიღებული თანხა მერიამ კოვიდპანდემიასთან ბრძოლაზე დახარჯა, თუმცა კონკრეტულად, მოსახლეობის რა კატეგორიამ მიიღო დახმარება, უცნობია. ოპოზიციაში ამბობენ, რომ რუსთავის მერიაში სავარაუდო კორუფციული გარიგებით ძალოვანი უწყება უნდა დაინტერესდეს.