"ოპოზიცია და ხელისუფლებაში მყოფი პარტიები უნდა შევთანხმდეთ რომ რიგ საკითხებთან დაკავშირებით ვართ ერთსულოვნები" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "გიორგი გაბუნიას ინტერვიუ ხელისუფლებასთან" ისაუბრა.
მდინარაძის თქმით, ასეთი საკითხებია ქვეყნის ოკუპაცია, ოკუპირებული ტერიტორიები, გატაცებები საოკუპაციო ხაზიდან, ბავშვების საკითხი და ვაქცინაციის სწორი და პოზიტიური კამპანია.
არის რამდენიმე თითზე ჩამოსათვლელი საკითხი, რაზეც უნდა შევთანხმდეთ. რაც არ უნდა პოლიტიკური მიზნები გვქონდეს, ოპოზიცია იქნება ეს თუ ხელისუფლებაში მყოფი პარტია, უნდა შევთანხმდეთ, რომ აქ ვართ ერთსულოვნები. ასეთ საკითხებს განეკუთვნება ამ შემთხვევაში, როცა უჩინარ მტერთან მიდის ბრძოლა, ვაქცინაციის მიმართ სწორი და პოზიტიური კამპანია.
თქვენ იცით, რომ ცოტა აქაც სერიოზული, რბილად რომ ვთქვათ, მათ შორის მედიასაშუალებებსაც, მათ შორის ზოგიერთ პოლიტიკოსსაც, ნეგატიური როლი ჰქონდა და ამ ბოლო დროს თითქოს ცოტა ეს გასწორდა, მაგრამ გახსოვთ ხო, თავიდან როგორი კამპანიები მიდიოდა ვაქცინაციის წინააღმდეგ, ზოგი ირიბად, ზოგი პირდაპირ.
ამიტომ ასეთ საკითხებზე ჯობია, რომ შევთანხმდეთ თქვენც, ჩვენც, ყევლანი და ვთქვათ, რომ ეს დამაზიანებელია და ის რასაც ლაპარაკობენ, ეს არ არის სწორი და ყველამ უნდა გავწიოთ ვაქცინაციის პროპაგანდა - ამბობს მამუკა მდინარაძე.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, აცრილია თუ არა თავად მამუკა მდინარაძე, ამბობს: "მე არ ვარ აცრილი, იმიტომ რომ ახლახანს გადავიტანე კოვიდი და ჯერჯერობით არ მეკუთვნის, როგორც მეუბნებიან".
გიორგი გაბუნია მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრისკენ მოუწოდებს. მის ამ მოწოდებას უერთდება მამუკა მდინარაძეც.
იხილეთ ასევე: