კამპანია "რიონის მცველების" და ლიბერალების წინააღმდეგ | როგორ მუშაობს ფალავანდიშვილების კოორდინირებული ქსელი

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორაგანიზაცია "სამართლიანმა არჩევნებმა" [ISFED], პრორუსული, რადიკალური, ჰომოფობიური ჯგუფების ერთ-ერთი ლიდერის, გურამ ფალავანდიშვილისა და მისი შვილის, ალექსანდრე ფალავანდიშვილის პარტიასთან "ქართულ იდეასთან" დაკავშირებული კოორდინირებული ანგარიშების სქემა შეისწავლა. სქემის გაშიფვრის შედეგად გაირკვა, რომ ფალავანდიშვილებთან დაკავშირებული გვერდები სოციალურ ქსელში აქტიურად ახორციელებდნენ ნინო ლომჯარიასა და "რიონის ხეობის მცველების" მადისკრედიტებელ კამპანიას. 

მათი ინფორმაციით, "ქართული იდეის" კოორდინირებული ქსელი 11 გვერდისგან შედგება, რომელთაგან 5 ანონიმური გვერდია, 6 კი - პარტიის ღიად მხარდამჭერი ფეიჯი. 

ანონიმური გვერდებია:

  • "ლიბერალიზმი კლავს";
  • "ახალგაზრდული";
  • "პოლიტიკური ნაკვალევი";
  • "დიდ ხარ შენ უფალო";
  • "ქართული გვერდი".

ორგანიზაციის შეფასებით, გვერდები "შეფარულად მოქმედებენ, თითქოს ისინი რელიგიური, ნაციონალისტური ან ზოგადად, პოლიტიკური მოვლენების გამშუქებელი გვერდები არიან. თუმცა, ისინი არაკეთილსინდისიერად იყენებენ პლატფორმის შესაძლებლობებს და პარტიის ღიად მხარდამჭერ გვერდებზე გამოქვეყნებულ მასალას კოორდინირებულად ავრცელებენ".

ქსელის მუშაობის ტაქტიკა კი შემდეგნაირია - "ქართული იდეის" ლიდერები, ლაივ-ვიდეოს უშვებენ პირად ან პარტიის ოფიციალურ გვერდებზე. შემდეგ, ანონიმური გვერდები აზიარებენ ამ ვიდეოებს, რათა ნახვა გაიზარდოს. არის შემთხვევები, როდესაც ისინი პოსტებს ასპონსორებენ კიდეც. დასპონსორებული პოსტების ავტორები ანონიმური გვერდები არიან, რათა დაფარული იყოს რეალური გამავრცელებლის ვინაობა.

"CrowdTangle-ით გაანალიზებული მონაცემების მიხედვით, შექმნის დღიდან 7 ივნისის ჩათვლით, „ქართული იდეის“ კოორდინაციული ქსელის ჯამური ინტერაქცია 3.83 მილიონია და ჯამში, მოცემულ გვერდებს 216,191 გამომწერი ჰყავთ", - წერს ორგანიზაცია. 

ორგანიზაციის ინფორმაციით, კოორდინირებული ქსელის სათავეში რატი ყაველაშვილი დაგას, რომელიც სტიქაროსანია ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიაში დეკანოზ თადეოზ სარალიძესთან. სასულიერო პირი ბავშვთა მიმართ სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების გამო, საპატრიარქოსგან საეკლესიო სასჯელი მიიღო. გარდა ამისა, თადეოზ სარალიძე, 2020 წელს, „ქართული იდეის“ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა და მრევლს არჩევნებში პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა.

ქსელების უმრავლესობა ჩართულია სახალხო დამცველის მადისკრედიტებელ კამპანიაში, ამ მიზნით აზიარებენ გია გაჩეჩილაძის [უცნობი] მოძრაობა "აი იას" გადაცემებს, ასევე სამთავრობო მედია POS TV-ის ანტილიბერალურ მასალებს. გარდა ამისა, ჯგუფებში შეხვდებით "ქართული იდეის" ლიდერების მოწოდებებს, რომ ასევე, პრორუსი ბიზნესმენის ლევან ვასაძის ახლადშექმნილ პარტიაში "ერში" გაერთიანდეთ.

"პარტიის ლიდერები გზავნილებში პოზიციონირებენ, როგორც "სოდომიის", კაზინოების, ნარკომანიისა და ლიბერალიზმის წინააღმდეგ მებრძოლები. გვერდები ხშირად ავრცელებენ კონსპირაციებს "მსოფლიო მმართველობის" და კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ. ამასთან, გვერდები საზოგადოებას უქმნიან წარმოდგენას, თითქოს ყველა ღარიბ ოჯახს მალე სახელმწიფო შვილებს წაართმევს "იუვენალური კანონით", ხოლო "შვილების დაცვას" პარტია "ქართული იდეა" იღებს საკუთარ თავზე. ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, "ქართულმა იდეამ" სახალხო დამცველის გადადგომა მოითხოვა და მეუფე სპირიდონს მხარდაჭერა გამოუცხადა.პარტია მჭიდრო თანამშრომლობაშია ლევან ვასაძის მოძრაობა "ერთან", კოორდინირებული ქსელების გვერდები კი ხშირად მოუწოდებენ საზოგადოებას ვასაძის მოძრაობაში გაწევრიანებისკენ. პერიოდულად, გვერდები აზიარებენ ფეისბუქის მიერ გაუქმებული "ალტ-ინფოს" მასალებსაც", - წერს ორგანიზაცია. 

კოორდინირებული ქსელი განსაკუთრებით მაშინ აქტიურდება, როდესაც რადიკალურ ჯგუფებს 
საზოგადოების სწრაფი მობილიზება სჭირდება, ძირითადად, კონტრაქციების პერიოდში. მსგავსად იქცევიან მამა-შვილი ფალავანდიშვილებიც. ზოგ შემთხვევაში, გამავრცელებელი ან პოსტის პირველწყარო გურამ ფალავანდიშვილის პირადი პროფაილია.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ქსელში ჩართულმა ორმა გვერდმა "ქართული იდეა" და "ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებამ" Facebook პოსტების დარეკლამებაში ჯამში 5 000 დოლარზე მეტი დახარჯა. 

გარდა ამისა, ქსელი "რიონის ხეობის მცველების" მადისკრედიტირებელ კამპანიასაც ახორციელბს. სადაც ძირითად როლს, სხალთელი ეპისკოპოსის მეუფე სპირიდონის ვიდეოები ასრულებს. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტთა მადისკრედიტირებელი კამპანია "ქართულმა იდეამ" მას შემდეგ წამოიწყო, რაც გუმათში, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა პროტესტის ერთ-ერთ ლიდერს, მაკა სულაძესა და ფალავანდიშვილებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირებისას, მაკა სულაძემ მათ მოუწოდა, შეეწყვიტათ ლგბტ სიმბოლოებით აქციის მონაწილეების გამიჯვნა. დაპირისპირების შემდეგ, "ქართული იდეის" გვერდებმა ორი დღით შეწყვიტეს პოლიტიკური ხასიათის პოსტების გამოქვეყნება. ხანმოკლე დუმილი მეუფე სპირიდონის ვიდეომ დაარღვია, რომელიც რატი ყაველაშვილის მართულმა გვერდმა - "დიდ ხარ შენ უფალო" გამოაქვეყნა. ვიდეოში მეუფე სპირიდონი "რიონის ხეობის მცველებს" მონანიებისკენ მოუწოდებს, "სოდომ-გომორის ცოდვის" გამო. აღნიშნული მადისკრედიტირებელი ვიდეო გვერდმა დაასპონსორა. 7 ივნისის მდგომარეობით, მას 53 000 ნახვა და 6 ათასამდე მოწონება აქვს. გამოქვეყნებიდან სამი წუთის ინტერვალში, ვიდეო გაზიარდა სამ ანონიმურ გვერდზე. პოსტი გაზიარდა ჯგუფში "დიდ ხარ შენ უფალო" და "ქართული იდეის" ლიდერების პირად ანგარიშებზეც.

გარდა ამისა, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტების მადისკრედიტირებელი პოსტები კონსოლიდირებულმა ქსელმა რამდენჯერმე დაასპონსორა. პოსტების დაბუსტვაში 400-დან 500 დოლარამდე დაიხარჯა და 2 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა ნახა.

"ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების" სხვა დასპონსორებულ კამპანიებს შორისაა გურამ ქართველიშვილის მადისკრედიტირებელი პოსტი <100$ სარეკლამო ბიუჯეტით, ულტრაკონსერვატიული ნაციონალისტური მედია "ალტ ინფოს" მხარდამჭერი კამპანია 500-600$ ბიუჯეტით, ნინოწმინდის პანსიონისა და მეუფე სპირიდონის მხარდამჭერი კამპანიები 600$-მდე ბიუჯეტით", - წერს ორგანიზაცია. 

"ქართული იდეის" კოორდინირებული კამპანია ამოფარებულია რელიგიურ ღირებულებებს, შედეგად კი ცდილობს, რომ აგრესია გააღვიოს და საზოგადოება დააპირისპიროს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი