მე და სენატორი შაჰინი შევხვედრივართ ქართველ პოლიტიკოსებს და ჩემი დაკვირვებით, ისინი ზედმეტ იმედებს ამყარებენ ამერიკის შეერთებულ შტატებზე მათი ქვეყნის პრობლემების მოგვარების საკითხებში- ასეთი შეფასება გააკეთა სენატის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის სხდომაზე სენატორმა ჯიმ რიშმა.
ამერიკელი სენატორის მთავარი გზავნილი ქართველი პოლიტიკოსებისთვის, არის ის, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საკუთარი ინტერესები უკან გადადოს და 19 აპრილის შეთანხმების შესრულებაზე ერთობლივად იმუშაოს.
"პოლიტიკურმა პარტიებმა საქართველოში უკან უნდა მოიტოვონ ყველა სახის უთანხმოება და იმუშაონ ერთად 19 აპრილის შეთანხმების შესრულებაზე, რათა ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები გაუმჯობესდეს. მე და სენატორი შაჰინი შევხვედრივართ ქართველ პოლიტიკოსებს და ჩემი დაკვირვებით, ისინი ზედმეტ იმედებს ამყარებენ ამერიკის შეერთებულ შტატებზე მათი ქვეყნის პრობლემების მოგვარების საკითხებში, ამიტომ მე მათ ყოველთვის ვეუბნები, რომ სწორედ მათ, ქართველებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი, რაც მათი ქვეყნისთვის არის საჭირო",- თქვა ჯიმ რიშმა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა საქართველოს თაობაზე ახალი რეზოლუცია წარადგინა, რომელშიც მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, 19 აპრილის შეთანბხმების სრულ იმპლემენტაციაზე იმუშაონ.