გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლება ოპოზიციისთვის საბოლოო შედეგი არ არის. პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ოპონენტები დადებითად აფასებენ, თუმცა მას არასრულყოფილს უწოდებენ.
ლიდერების შეფასებით, უგულავა-ოქრუაშვილის გათავისუფლება რვა მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას არ ნიშნავს. ოპოზიციაში დიდი ხანია თანხმდებიან, რომ პოლიტიკური პატიმრების სია ამით არ სრულდება. ამბობენ, რომ სანამ გიორგი რურუა საპატიმროს არ დატოვებს, შეთანხმების მეორე ნაწილი შესრულებულად ვერ ჩაითვლება.
"ეს იყო მოსალოდნელი, უბრალოდ დაგვიანებული", - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას. ამბობს, რომ ოპოზიციამ რვა მარტს, მმართველ გუნდთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, წინ წაიწია.
"ევროპული საქართველოს" წევრი, გიგა ბოკერია კი იმედოვნებს, რომ უგულავას და ოქრუაშვილს გიორგი რურუაც უახლოეს პერიოდში შეუერთდება.
"როგორც კი გიორგი რურუაც გათავისუფლდება, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეთანხმება შესრულდა, ამას უნდა მოჰყვეს შემდეგ კენჭისყრა პარლამენტში", - აცხადებს ბოკერია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი დღეს შეიწყალა.