
ერთადერთი ადვილად შესასრულებელი დაპირება გასცა ივანიშვილმა, რომ კიდევ ბევრ ოპოზიციონერს ბევრი წლით გაუშვებდა ციხეში, ეს დაპირებაც ვერ შეასრულა, - ეს განცხადება ირაკლი ოქრუაშვილმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა.
როგორც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, ამ გადაწყვეტილების საფუძველი ის საერთაშორისო ზეწოლა გახდა, რომელიც "ქართული ოცნების" მისამართით ბოლო დროს ისმის.
ოქრუაშვილმა რვა მარტის შეთანხმებისთვის მადლობა გადაუხადა ოპოზიციას, აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს საქართველოში. მისივე თქმით, იმისთვის რომ შეთანხმება სრულად შესრულებულად ჩაითვალოს, აუცილებელია ციხიდან გათავისუფლდეს გიორგი რურუა.
რომ არა მათი ძალისხმევა, ალბათ, ეს შედეგი არ დადგებოდა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია შეთანხმება ბოლომდე შესრულდეს და გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვოს... ეს არის შეთანხმება საქართველოში მშვიდობიანად ხელისუფლების შეცვლის შესახებ, მე ვაპირებ ხელი შევუწყო ოპოზიციის კონსოლიდაციას და არჩევნებზე მოახერხოს იმ შედეგის დადება, რაც საფუძველს შეუქმნის კოალიციური მთავრობის შექმნას, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალების გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე საათის წინ მიიღო და შესაბამისი აქტიც გამოსცა. უგულავამ და ოქრუაშვილმა რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვეს.