აღმოაჩინეს ვარსკვლავთა სისტემები, საიდანაც შესაძლოა დედამიწას უთვალთვალებდნენ

გამოქვეყნდა:

სხვა ვარსკვლავურ სისტემაში რომ უცხო ცივილიზაციები არსებობდეს, შეძლებდნენ კი ისინი ჩვენი არსებობის დადგენას? ეს კითხვა უცხო ცივილიზაციების ძიების ახალ გზებს გვთავაზობს, თუმცა, ამაზე პასუხი არც ისე მარტივია.

ამის მიუხედავად, ასტრონომთა გუნდმა 2034 ვარსკვლავური სისტემა დედამიწიდან 100 პარსეკის (326 სინათლის წელიწადი) რადიუსში აღმოაჩინა, რომლებსაც დედამიწაზე სიცოცხლის აღმოსაჩენად საჭირო რაკურსი აქვთ. 

ეგზოპლანეტების გადმოსახედიდან, ჩვენ უცხოპლანეტელები ვართ, - ამბობს ასტრონომი ლიზა კალტენგერი, კორნელის უნივერსიტეტის კარლ სეიგანის ინსტიტუტიდან.

Gaia-ს კოსმოსური ობსერვატორიიდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, კალტენგერმა და მისმა კოლეგებმა სცადეს განესაზღვრათ, შეძლებდა თუ არა რომელიმე ცივილიზაციას დედამიწაზე სიცოცხლე იმ ინსტრუმენტებით დაეფიქსირებინა, რომლებითაც ჩვენ ვეძებთ ეგზოპლანეტებს. Gaia ამჟამად მიმდინარე პროექტია, რომლის მიზანიც ჩვენი „ირმის ნახტომის“ გალაქტიკის რუკის სამ განზომილებაში უპრეცედენტო სიზუსტით შედგენაა.

ასტრონომები დედამიწიდან ეგზოპლანეტებს არაერთი მეთოდით პოულობენ. ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი ტექნიკა ტრანზიტული მეთოდია. როდესაც ეგზოპლანეტა თავისი დედავარსკვლავის წინ ჩაივლის, ვარსკვლავიდან წამოსული სინათლის ინტენსივობა ოდნავ მცირდება. სწორედ ინტენსივობის ოდნავ შემცირებას აფიქსირებს ზემგრძნობიარე ტელესკოპები. ეს კი იმის ნიშანია, რომ იქ პლანეტაა. გარდა პლანეტის არსებობისა, მეცნიერებს ამ მეთოდით ეგზოპლანეტების ზომის დადგენაც შეუძლიათ. თუ აღმოჩნდა, რომ ეგზოპლანეტა გაზის გიგანტია, მასზე სიცოცხლის ძიებას აღარ აგრძელებენ, ხოლო თუ მასით და ზომით დედამიწის მსგავსი აღმოჩნდა, მასზე სიცოცხლის არსებობას განიხილავენ.

გარდა ზომისა, თუ ეგზოპლანეტას ატმოსფერო გააჩნია, ვარსკვლავის შუქს მის ატმოსფეროზეც მოაქვს ტელესკოპებში ინფორმაცია. სხვადასხვა ელემენტს სხვადასხვა სინათლის ხაზები აქვს, რის მიხედვითაც ასტრონომები ატმოსფეროს შედგენილობას უხეშად დაადგენენ.

თუ ამ ეგზოპლანეტებზე განვითარდა ცივილიზაცია და დააბინძურა ატმოსფერო (როგორც დედამიწაზე მოხდა), მაშინ, ჰიპოთეტურად, ჩვენ მისი დაფიქსირება უნდა შეგვეძლოს, თუმცა, ჯერჯერობით მსგავსი რამ არ დაუფიქსირებიათ.

Gaia-დან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, კალტენგერმა და მისმა გუნდმა ისეთი ვარსკვლავური სისტემები მოძებნეს, რომლებზე მცხოვრები ცივილიზაციაც ზუსტად იმავეს გააკეთებდნენ ჩვენზე (მოძებნიდნენ დაბინძურებულ ატმოსფეროს). ამ კოსმოსურ რაკურსს დედამიწის ტრანზიტული ზონა ეწოდება.

ჩვენ გვსურდა, გაგვეგო, რომელ ვარსკვლავებს აქვს შესაფერისი რაკურსი, რომ ჩვენი დედამიწა დაინახოს. და რადგანაც ეს ვარსკვლავები ჩვენს დინამიურ კოსმოსში მუდმივად მოძრაობს, ეს რაკურსი ხან ჩნდება, ხან ქრება, - ამბობს მკვლევარი.

ასტრონომთა გუნდის მიერ Gaia-ს მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარებული ანალიზი აჩვენებს, რომ დედამიწის ტრანზიტულ ზონაში 1715 ვარსკვლავური სისტემაა. ამ ვარსკვლავებიდან ბოლო 5000 წელიწადში დედამიწაზე არსებული ბიოლოგიური ნიშნების დაფიქსირება შესაძლებელია. მომდევნო 5000 წელიწადში კიდევ 319 ვარსკვლავური სისტემა მოხვდება დედამიწის ტრანზიტულ ზონაში.

ამ სისტემებიდან, რომლებიც იყვნენ ან მოხვდებიან დედამიწის ტრანზიტულ ზონაში, შვიდს ეგზოპლანეტა ჰყავს. ზოგიერთი მათგანი შესაძლოა სიცოცხლისთვისაც ხელსაყრელი იყოს. ესენია: Ross-128, TRAPPIST-1 და ტიგარდენის ვარსკვლავი.

Ross-128 დედამიწის ტრანზიტულ ზონაში 2158 წლის განმავლობაში იყო, TRAPPIST-1 ამ ზონაში 1642 წელიწადში მოხვდება და 2371 წლის განმავლობაში იქნება. რაც შეეხება ტიგარდენის ვარსკვლავს, რომელიც 29 წელიწადში შევა აქ, შედარებით პატარა, 410 წლიანი ფანჯარა ექნება.

ამავე კვლევის ნაწილში, მეცნიერებმა ის ვარსკვლავებიც გამოიკვლიეს, რომლებიც ჩვენს ტექნოლოგიურ ნიშნებს დააფიქსირდებდნენ - დედამიწიდან გამოსხივებული ტექნოგენური რადიაცია (რადიოტალღები, მაგალითად). პირველად რადიოტალღების გაშვება კოსმოსში სულ რაღაც 100 წლის წინ დავიწყეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ 100 სინათლის წლის რადიუსის მქონე რეგიონი, რომლიდანაც ამ სიგნალების დააფიქსირების საშუალება იქნება. ამ რადიუსში 75 ვარსკვლავური სისტემა აღმოაჩინეს.

უცხო ცივილიზაციების აღმოჩენის ყველა მცდელობა კრახით დასრულდა. არათუ ცივილიზაცია, სიცოცხლის ნიშნებიც კი ვერ დავაფიქსირეთ დედამიწის გარეთ.

კვლევა ჟურნალში Nature გამოქვეყნდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი