
გულდასაწყვეტი და არაპოპულარული გადაწყვეტილება - ასე აფასებს დედაქალაქის მერი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალებაზე. თუმცა, როგორც კალაძე ამბობს, მას, როგორც პოლიტიკოსს ამ გადაწყვეტილების ესმის.
კალაძე კობახიძის მსგავსად ამტკიცებს, რომ მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაში არ ჩარეულა და მათ ამის შესახებ ინფორმაციაც არ ჰქონიათ. გარდა ამისა, კალაძე ამტკიცებს, რომ მოლაპარაკებებსა და რვა მარტის შეთანხმებაში, პატიმრების გათავისუფლებაზე საუბარი არ ყოფილა.
დედაქალაქის მერის თქმით, ოქრუაშვილისა და უგულავას ციხიდან გამოსვლით, ოპოზიციას არ მიეცა შესაძლებლობა ხელი შეეშალა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. რაც შეეხება გიორგი რურუას, როგორც კალაძე ამბობს,მას მისჯილი არ აქვს და შესაბამისად მისი გათავისუფლება ვერ მოხდება. კალაძე მხარდამჭერებს და თანაგუნდელებს მიმართავს.
მე მინდა მივმართო ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენს თანაგუნდელებს, არცერთი ნაბიჯი უკან. არავითარი თავდახრა. ჩვენ ყველას ვაჩვენებთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რას წარმოადგენს "ქართული ოცნება" და როგორი მხარდაჭერა აქვს მას ქართველი ხალხის მხრიდან, - ამბობს კალაძე.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი დღეს გაათავისუფლა. ოპოზიციის ლიდერებმა საპატიმრო უკვე დატოვეს.