ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის 40%-იანი ბარიერის შემოღების წინააღმდეგია - ამის შესახებ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა ისაუბრა.
როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, ინიციატივა, რომელიც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაისვა, მეორე მოსმენით განსახილველი საკითხი არ არის.
“აქამდე აღნიშნული საკითხი არც ერთ სტადიაზე არ განხილულა. ჰგავს იმას, რომ ვიღაცას მოუნდა და კულუარული გადაწყვეტილება მიიღო. ამ ქვეყანაში არჩევნების მეორე ტური არ არსებობს. მეორე ტური არის ხელისუფლების. გაერთიანებული კანდიდატები წარდგენის შემთხვევაში, ოპოზიციას აქვს შანსი, 40%-მდე შედეგით არჩევნები პირველივე ტურში დაამთავროს“, - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის 40%-იანი ბარიერი იქნება.