ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები, ტედ კრუზის ლიდერობით, საქართველოში ამერიკული კომპანიებისა და ბიზნესის შევიწროების გამო, სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრს, სტივენ მნუჩინს წერილით მიმართავენ.
წერილის ავტორები სენატორები ტედ კრუზი და ჯონ კორნინი, ასევე, კონგრესმენები ჯოდი არინგტონი და მარკვეინ მალინი არიან.
ისინი ბიძინა ივანიშვილს აშშ-ს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებასა და რუსეთის ლობირებაში ადანაშაულებენ.
წერილს უცვლელად გთავაზობთ:
"ძვირფასო მდივნებო, პომპეო და მნუჩინ,
გწერთ, რომ შეშფოთება გამოვხატოთ საქართველოში მმართველობის მოშლასა და პოტენციურად უკანონო ეკონომიკურ აქტივობებთან დაკავშირებით. კონკრეტულად, გვაწუხებს საქართველოს კავშირები ამერიკის მტრებთან, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს ბიზნეს და სტრატეგიულ ინტერესებს.
გასული წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში დაახლოებით 50%-ით შემცირდა, გადასახადები და ბიუროკრატიული ბარიერები კი დასავლური ბიზნესებისთვის გაიზარდა.
ამან ამერიკულ კომპანიებს ოპერირება გაურთულა და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებას ხელი შეუშალა. Frontera Resources ტეხასური კომპანიაა, რომელიც საქართველოს ნავთობისა და გაზის სექტორში უმსხვილესი ამერიკული ინვესტორია. მათ ნავთობისა და გაზის რესურსების აღმოსაჩენად 500 მილიონ დოლარზე მეტი აქვთ ინვესტირებული. ცოტა ხნის წინ კი Frontera რეგულაციებისა და შეზღუდვების წინაშე აღმოჩნდა, მას საქართველოს მთავრობა პოტენციურად ქვეყნიდან გაძევებით ემუქრება.
2019 წელს, კიდევ ერთი ამერიკული კომპანია, Conti Group ამავე პრობლემას წააწყდა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რამაც პროექტი შეაფერხა. ეს შეფერხებები და გართულებები პირდაპირ არის დაკავშირებული გეოპოლიტიკურ ინტერესებთან.
Frontera-ს საქმიანობა მიმართული იყო იმისკენ, რომ საქართველო ენერგოდამოუკიდებელი გამხდარიყო, ანაკლიის პორტი კი საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულებას შეამცირებდა.
მოკლედ რომ გითხრათ, კანონიერ ბიზნესს გაძევებისკენ უბიძგეს, მისი ადგილი კი უკანონო ვაჭრობამ დაიკავა.
ქართული ბიზნესები და ფინანსური სისტემა, უკვე წლებია, გვერდს უვლის ამერიკულ სანქციებს ირანთან დაკავშირებით. ცოტა ხნის წინ ბათუმის პორტი კიდევ ერთხელ იქნა შემჩნეული ირანთან დაკავშირებულ უკანონო ვაჭრობაში.
ჩვენ ვაცხადებთ, რომ:
• საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება "ქართული ოცნების" სახით გარეულია ამერიკული ბიზნესების გაძევებაში, რომლებიც საქართველოში ინვესტიციების ჩადებით არიან დაინტერესებული;
• მსგავსი აქტივობები მოტივირებულია გეოპოლიტიკური მიზნებით და ბიძინა ივანიშვილის სავარაუდო კავშირებზე მიუთითებს რუსეთის მთავრობასთან;
• პორტის პროექტიდან ამერიკული კომპანიების გაძევება მიზნად ისახავს, რომ არ შემცირდეს რუსეთის გავლენა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე;
• არსებობს ხარვეზები ამერიკული სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით, კონკრეტულად კი, პორტების კონტექსტში.
საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია კავკასიაში და ნატოს მნიშვნელოვანი მოკავშირე. სამხედრო კუთხით, ქართველები გვეხმარებიან ავღანეთის მისიაში. გეოგრაფიულად ქვეყანა კრიტიკულად მნიშვნელოვან წერტილზეა განლაგებული კასპიის ზღვიდან აღმოსავლეთ ევროპისკენ ვაჭრობის კუთხით. ქართულ-ამერიკული ურთიერთობები უმნიშვნელოვანესია ამერიკისათვის, რაც საპასუხოდ საქართველოს თანამშრომლობას ავალდებულებს.
მსგავსი გადახლართული სტრატეგიული და ბიზნესინტერესები ფედერალური მთავრობისაგან პასუხს საჭიროებს და როგორც ყოველთვის, ჩვენ მზად ვართ, რომ მოგაწოდოთ საჭირო რესურსები, რათა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოება დაცული იყოს.
წერილს ხელს აწერენ სენატორები ტედ კრუზი და ჯონ კორნინი და კონგრესმენები ჯოდი სი არინგტონი და მარკვეინ მალინი," - ნათქვამია სენატორებისა და კონგრესმენების ერთობლივ განცხადებაში.