სსიპ-ების სამივლინებო ხარჯები პანდემიის პერიოდში - IDFI-ის კვლევა

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაციამ "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" [IDFI] პანდემიის პერიოდში საჯარო სექტორის წარმომადგენლობითი და სამივლინებო ხარჯები შეისწავლა. საჯარო ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით, ორგანიზაციამ სულ 100-მდე უწყებას მიმართა, პასუხი კი 75 უწყებისგან მიიღო.  IDFI-მ მათი სსიპ-ების ხარჯები პანდემიამდე პერიოდს შეადარა.

ძირითადი მიგნებები:

75 სსიპ-ის ხარჯების ანალიზის მიხედვით, 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს დაახლოებით ოთხჯერ შემცირდა წარმომადგენლობითი ხარჯები - 4 348 925 ლარიდან 1 198 429 ლარამადე.

  • 2020 წელს წარმომადგენლობითი ხარჯები მხოლოდ კვლევის ობიექტ 7 სსიპ-ში გაიზარდა.
  • 75 სსიპ-ის ხარჯების ანალიზის მიხედვით, 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს დაახლოებით ექვსჯერ შემცირდა სამივლინებო ხარჯები - 1 890 575 ლარიდან 298 982 ლარამდე.
  • ცალკეულ უწყებებში სარესტორნო მომსახურების ხარჯები გაწეულია ისეთ პერიოდში, როდესაც კვების ობიექტებზე და სხვა თავშეყრის ადგილებზე პანდემიის გამო დაწესებული იყო გარკვეული შეზღუდვები.
  • საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, ღვინის ეროვნული სააგენტო 20 ადამიანს გაუმასპინძლდა შპს "დეკორეტოში".
  • ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა, 2019 წელს, 19 256 ლარი დახარჯა ა(ა)იპ "ქართული ოცნება ჯანმრთელი მომავალის'' მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე.
  • სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი, 2019 წელს 11-ჯერ იმყოფებოდა მივლინებაში, ჯამში 63 დღე, რაც სააგენტოს 54 202 ლარი დაუჯდა. მათ შორის იყო 4 დღიანი მივლინება მოსკოვის მიმართულებით, რომლის მიზნობრიობა უცნობია.
  • 2020 წელს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულმა კომისიამ 4 500 ლარამდე სარესტორნო ხარჯი გასწია. აქედან 1 876 მოხმარდა სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან გაფორმებულ მემორანდუმთან დაკავშირებულ სადილს, რომელიც 16 ოქტომბერს გაიმართა.

კვლევამ აჩვენა, რომ პანდემიის პირობებში, სამინვლინებო ხარჯები შემცირდა. თუმცა ორგანიზაცია ასევე ყურადრებას ამახვილებს, იმ 25 უწყებაზე, რომლებმაც მათ საჯარო ინფორმაცია არ მიაწოდეს.

IDFI ამბობს, რომ ეს საშიში ტენდენციაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ინფორმაციას ძალოვანი უწყებები მალავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი