
გიორგი რურუას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლებას ელის. მისი შეფასებით, "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი უკანონო პატიმარია.
გადაცემაში "დღის სტუმარი" ადვოკატმა აღნიშნა, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება მხოლოდ სასამართლო გზით შეიძლება, რადგან ის ამ ეტაპზე, მხოლოდ ბრალდებულია. მისი თქმით, რურუას პატიმრობის გაუქმების საკითხს სასამართლო სხდომაზე ორშაბათსაც დააყენებენ.
გიორგის გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოს მეშვეობით. აქ მხოლოდ ორი ვარიანტი არსებობს, ერთი, შესაძლებელია, ადვოკატებმა მოითხოვონ გათავისუფლება და სასამართლომ დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა, ან ბრალდების მხარემ საკუთარი ინიციატივით მოითხოვოს პატიმრობის შეცვლა ან გათავისუფლება, - ამბობს საძაგლიშვილი.
დიმიტრი საძაგლიშვილი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნას პოზიტიურად აფასებს.
ამაზეც არის ხაზი გასმული, რომ რურუა, რომელიც არის მედიასაშუალების დამფუძნებელი, არის კიდევ პატიმრობაში და მოუწოდა ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ. სენატორმა რიშმა ამ განცხადებაში ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ძალიან საეჭვო ბრალდებით იქნა გიორგი რურუა დაპატიმრებული, - განაცხადა საძაგლიშვილი.
ადვოკატის თქმით, გიორგი რურუა უსაფუძვლოდ არის დაკავებული. დიმიტრი საძაგლიშვილი განმარტავს, რომ სასამართლო დავის გაგრძელება რურუას გათავისუფლების შემდეგაც არის შესაძლებელი, თუმცა მას კომიკური მიზეზების გამო არ უშვებენ.
ვუთხარით, რომ პოლიციელებზე ხომ ვერ მოახდენს ზეწოლას, რა საჭიროა, გამოვუშვათ და ისე გავაგრძელოთ განხილვა, პასუხი იყო ის, რომ გიორგი რურუას მეუღლეც გვყავდა მოწმეთა სიაში შეყვანილი და პროკურორმა თქვა, რომ იცი, მეუღლე სიაშია და შეიძლება მასზე მოახდინოს ზეგავლენაო, - განაცხადა საძაგლიშვილმა.
დიმიტრი საძაგლიშვილი რურუას დაკავებაში ხელისუფლების გზავნილს ხედავს, რომ "ოცნება" ყველა იმ პირს დააკავებს, ვინც მის წინააღმდეგ წავა.
შეგახსენებთ, რომ “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეწილე გიორგი რურუა, რომელიც 2019 წელს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში იყო ჩართული, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით 18 ნოემბერს დააკავეს.