ჟენევის დისკუსიების შედეგს ელოდებიან ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები. შვეიცარიაში დღეს, 30 ივნისს ჟენევის მოლაპარაკებების 53-ე რაუნდი გაიმართება. საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით განხილვის მთავარი თემები, რუსეთის მიერ ექვსპუნქტიანი შეთანხმების დარღვევა, უკანონო ბორდერიზაცია, გატაცებები და უკანონო ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება იქნება.
"ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი საკითხი რომელიც გადაუჭრელია და უნდა გადაიჭრას ამ კუთხით ეს დაყენებული იქნება. რაღაც შედეგს მაინც უნდა მივაღწიოთ, რომ რაღაც ვიცოდეთ. დიდია მოლოდინი რას გააკეთებენ და რას იტყვიან. ველოდებით პატრიარქის საპასუხო წერილს, რა პასუხს გაგვცემს და შესაბამისად დავფიქრდებით მერე", - თქვა ზაზა გახელაძის ცოლმა, ირმა ბუთხუზმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ რუსეთის პატრიარქ კირილეს ზაზა გახელაძის შესახებ წერილი 23 ივნისს გაუგზავნა. ამ მიზეზით ოჯახმა საოკუპაციო ხაზს მიღმა გადასვლა დროებით გადადო და ხელისუფლებას 1 თვის ვადა მისცა.