თამარ ჟვანიას გადადგომის განცხადება უკვე გადაგზავნილია პარლამენტში - განცხადება ამის შესახებ ცესკო-ში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთეს და ჟვანიას 8 წლიანი თავდაუზოგავი შრომისთვის, ასევე "თმენისა და გამძლეობისთვის" მადლობა გადაუხადეს.
როგორც უწყების პრესმდივანმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, ცესკო არის "მძლავრი და გამართული ინსტიტუცია", რომელიც მზად არის გააგრძელოს მუშაობა და შემოდგომაზე ჩაატაროს "საერთაშორისო სტანდარტების" შესაბამისი არჩევნები.
ჟვანაის გადადგომასთან დაკავშირებით, ცესკო-ში დამატებით კომენტარს არ აკეთებენ და ამბობენ, რომ თუ ჟვანია საჭიროდ ჩათვლის ამაზე თავად ისაუბრებს.
საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობას ჟვანიას მოადგილე, გიორგი შარაბიძე შეასრულებს.
აირჩევა ახალი ცესკოს თავმჯდომარე, ველოდებით მას, ველოდებით ახალ კომისიის წევრებს, რომ შემოდგომაზე ჩავატაროთ საერთაშორისო სტანდარტების არჩევნები - თქვა პრესმდივანმა.
რაც შეეხება ახალ თავმჯდომარეს, როგორც იოსელიანმა თქვა, ახალი კანონმდებლობით, მას პარლამენტის 2/3-ის მხარდაჭერა სჭირდება.
შეგახსნებთ, რომ დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან ვრცელი პოსტი საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა.