პრაიდის მონაწილეებს აქვთ უფლება გამოვიდნენ, გამოხატონ თავიანთი აზრი - ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილ ღირსების მარშს ეხმაურება და აცხადებს, რომ მისთვის ძალადობის, მუქარის, ზეწოლისა და სიძულვილის ენის გამოყენების ყველანაირი ფორმა მიუღებელია. 

ზურაბიშვილის განცხადებით, მიაჩნია, რომ ყველას აქვს უფლება გამოიყენოს სიტყვის თავისუფლება

"ჩემთვის მიუღებელია ძალადობის, მუქარის, ზეწოლისა და სიძულვილის ენის გამოყენების ყველანაირი ფორმა! მიუღებელია, რადგან ეს ადამიანების კონსტიტუციური უფლებების დარღვევაა. მიუღებელია ჩემთვის, როგორც კონსტიტუციის გარანტისა და დამცველისათვის. 

მე ვთვლი, რომ ყველას აქვს უფლება გამოიყენოს სიტყვის თავისუფლება. ეს არის ჩვენი ძირძველი ტოლერანტობა, რომელიც ჩვენი იდენტობის ნაწილია. ამაზე აშენდა ჩვენი ქვეყანა და ამაზე განვითარდება ხვალაც. ამიტომ ასევე მიმაჩნია, რომ ყველას აქვს უფლება გამოსვლის. ასევე, თბილისი პრაიდის მონაწილეებს აქვთ უფლება გამოხატონ თავიანთი აზრი და გამოიყენონ ის უფლება, რომელიც ყველას კონსტიტუციური უფლებაა, კონსტიტუციისა და კანონის მიერ დადგენილ ნორმებში. ეს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერთიანობისთვის მნიშვნელოვანია!", - წერს სალომე ზურაბიშვილი. 

ცნობისთვის 1-დან 5 ივლისის ჩათვლით ქვეყანაში თბილისი პრაიდის კვირეული იქნება, 5 ივლისს კი ღირსების მარში გაიმართება. ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები პრაიდის ჩაშლით იმუქრებიან, თუმცა ორგანიზატორები გეგმის შეცვლას არ აპირებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი