რვა მარტის შეთანხმების შესასრულებლად ოპოზიცია გიორგი რურუას გათავისუფლებას ელოდება

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას გათავისუფლებას ელოდება. დასავლეთის ზეწოლის შემდეგ, პრეზიდენტის მიერ უგულავა-ოქრუაშვილის გათავისუფლების შემდეგ, ხელისუფლების ოპონენტები დრის წესრიგში რურუას გათავისუფლებას აყენებენ.

მათი თქმით, სწორედ ამაზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებში მონაწილეობას და შესრულდება თუ არა საბოლოოდ რვა მარტს დადებული შეთანხმება.

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში, ხვალ, ოპოზიციური პარტიების კონსულტაციები გაიმართება. ხელისუფლების ოპონენტები პრინციპულ პოზიციას კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ. შეხვედრას გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილიც დაესწრებიან.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის წინაპირობაა.

რურუას გათავისუფლება და რვა მარტის შეთანხმების შესრულება რომ პრინციპული საკითხია, ამაზე ამახვილებს ყურადღებას "ახალი საქართველოს" ლიდერი, გიორგი ვაშაძე.

პოლიტიკური პატიმრები რომ უნდა გათავისუფლნენ, ამაზე საუბრობს "რესპუბლიუკური პარტიის" თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე. ის ხელისუფლებას რვა მარტის შეთანხმებას კიდევ ერთხელ შეახსენებს და ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი პირობა სწორედ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.

არავითარი ერთი პირობის შესრულება, არავითარი ბიძინა ივანიშვილის თამაშში შესვლა. ორპირობიანია შეთანხმება და შეთანხმების იმ ნაწილში, სადაც საუბარია პოლიტიკურ დევნაზე და პოლიტპატიმრებზე, იგულისხმება როგორც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი, რომლებიც გათავისუფლდნენ, ასევე გიორგი რურუა... ოპოზიცია ერთიანია ამ პოზიციაში და სრულად უნდა შესრულდეს შეთანხმება, - განაცხადა სამნიძემ. 

გიორგი რურუას სასამართლო პროცესი ხვალ არის დანიშნული, სადაც დაცვის მხარე მისი გათავისუფლების შუამდგომლობას კიდევ ერთხელ დააყენებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი