გიორგი რურუა ტელევიზიის მეწილეობის გამო დააკავეს - ეს განცხადება ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა გააკეთა.
მეუფე იაკობის შეფასებით, გიორგი რურუას დაკავებაში, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას მსგავსად, პოლიტიკური მოტივები იკვეთება. მეუფე დარწმუნებულია, რომ გიორგი რურუასაც გაათავისუფლებენ.
პოლიტიკა რომ ჩარეული იყო მაგაში, ჩანდა, ხომ არ მოგატყუებთ. თუნდაც, "მთავარი" ავიღოთ, რურუა არც ვიცოდი, ტელევიზიის მეწილე რომ ყოფილა. მე რასაც ვფიქრობ, ტელევიზიის გამო მოხვდა ციხეში. ჩემთვის, ჯვარი მწერია, უგულავა და ოქრუაშვილი მისაბაძები არ არიან, ბევრი ვიცი. რურუასაც გაუშვებენ. ტელევიზიის მეწილე რომ არ ყოფილიყო, ვის სჭირდებოდა, აქამდე დაიჭერდნენ, დაჭერა რომ სდომებოდათ, ვერ დაიჭერდნენ, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.
ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა პრეზიდენტმა ორი დღის წინ შეიწყალა. გიორგი რურუას სასამართლო პროცესი კი ორშაბათს არის დანიშნული, სადაც დაცვის მხარე მის გათავისუფლებას მოითხოვს.