ზურაბ მურადაშვილი, გორის მერის წარმომადგენელი კარალეთის თემში, ამ პოსტზე ივნისის დასაწყისში გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა დანიშნა. "ქართული ოცნების" ერთგულ მხარდამჭერს პოსტის დაკავებაში არც იმ გარემოებამ შეუშალა ხელი, რომ ნარკოტიკების უკანონო-შეძენა შენახვის ბრალდებით იყო დაკავებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორის სპორტის აიპის თანამშრომლის დაკავების შესახებ ინფორმაცია და ვიდეომასალა 2018 წლის 25 მაისს გაავრცელა. ზურაბ მურადაშვილსა და მის მეგობარს ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრებოდათ, თუმცა "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირი მალევე გაათავისუფლეს. დღეს ამტკიცებს, რომ მისი დაპატიმრება გაუგებრობა იყო.
შეიძლება სისხლში ვერაფერი აღმოუჩინეს, მაგრამ მას ნარკოტიკული საშუალების გამოყენებას არავინ ედავებოდა. ის ფსიქოაქტიური ნივთიერების შეძენა-შენახვის გამო დააკავეს. დავინტერესდით, ერთ დღეში როგორ დაადგინა საგამოძიებო უწყებამ მისი უდანაშაულობა მაშინ, როდესაც ასეთი საქმეების დროს მინიმუმ 2 თვე სახელმწიფო ბრალდება ექსპერტიზის დასკვნებს ელოდება ხოლმე.
გავაგზავნეთ წერილი გორის რაიონულ სასამართლოში, რომ გაგვეგო, ჩატარდა თუ არა მურადაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა და როგორ დასრულდა. საპასუხო წერილში ეწერა, რომ ჩვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია პირად მონაცემებს შეიცავს და ამიტომ განჩინება არ გამოგვიგზავნეს. ამიტომ ინფორმაცია წყაროებთან გადავამოწმეთ და გავიგეთ, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერმა გისოსებს მიღმა 4 დღე გაატარა, შემდეგ სასამართლოზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვაში ბრალდებული სახლში გაუშვეს.
რა პრინციპით ნიშნავენ სასურველ პირებს თანამდებობაზე ეს უკვე დიდი ხანია ყველასთვის გასაგები გახდა. ზურაბ მურადაშვილმა როგორც ჩანს ბევრი გააკეთა "ქართული ოცნებისთვის" და თან ბევრჯერ. ის არაერთხელ მოხვდა ჩვენი კამერის ობიექტივში არჩევნების დღეს, როდესაც უბანთან იდგა და ამომრჩეველზე სავარაუდოდ ზეწოლას ახდენდა.
ზურაბ მურადაშვილი 2012 წლიდან "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერია. ჯერ ზონის კოორდინატორი იყო კარალეთში და კიდევ რამდენიმე სოფელში, შემდეგ სპორტის აიპი-ში დაასაქმეს. როგორც ჩანს, თავი კარგად გამოიჩინა და მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებისთვის დააწინაურეს.
ქეთა ციცქიშვილის სიუჟეტი: "თანამდებობაზე დანიშნული კრიმინალი"