75 წელზე მეტია, ამერიკა და ჩვენი პარტნიორები ერთობლივი ძალისხმევით აშენებენ დემოკრატიულ, წესებზე დაფუძნებულ წესრიგს, რომელმაც მოიტანა სტაბილურობა და კეთილდღეობა, თუმცა არა ყველგან. ეს სისტემა რამდენიმე რეგიონში გამოწვევების წინაშე დგას, რადგან მას ავტოკრატიული რეჟიმები უქმნიან საფრთხეს - აცხადებს აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი მისალოც ვიდეომიმართვაში, რომელსაც აშშ-ს დამოკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში, შტატების საელჩო ავრცელებს.
კელი დეგნანი დემოკრატიული პრინციპების დაცვის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ავტოკრატიას სწორედ ადამიანის უფლებების დაცვით, კანონის უზენაესობის, სიტყვის თავისუფლებით, კორუფციასთან ბრძოლით უნდა ებრძოლო:
ჩვენ ავტოკრატიას დემოკრატიული ინსტიტუტების მდგრადობის განმტკიცებით, კორუფციასთან ბრძოლითა და ჭეშმარიტი, გამჭვირვალე კანონის უზენაესობის გატანით ვპასუხობთ. ჩვენ ახლა უნდა გავერთიანდეთ და დავიცვათ ჩვენი საერთო პრინციპები, რომელიც აძლიერებს ჩვენ დემოკრატიას. ესენია – ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობის ერთგულება, კარგი მმართველობა და თითოეული ინდივიდის ღირსების პატივისცემა...
ამერიკელები და ქართველები ერთნაირი სიმძაფრით აღიქვამენ ქვეყნის დამოუკიდებლობას. მათ აერთიანებთ ქვეყნის ძლიერი სიყვარული. ყოველივე ამის საფუძველზე ჩამოყალიბდა ჩვენი პარტნიორობა 30 წლის წინ, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა. ჩვენ ერთად ვმუშაობთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების ასაშენებლად – საქმე, რომელიც საქართველომ 100 წლის წინ დაიწყო და რომელიც ტრაგიკულად შეწყდა – კვლავაც გავაგრძელებთ საქართველოს დახმარებას. ქართველებსა და ამერიკელებს შორის ძლიერი კავშირი არსებობს, არა მხოლოდ ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისთვის, არამედ ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და ჩვენთვის ძვირფასი ღირებულებების ერთგულების გამო...“, – ამბობს დეგნანი.
ვიდეომიმართვა სრულად