ჩემთან [გიორგი გაბუნია] მოვიდა ერთი ადამიანი და მიყვება ასეთ რამეს: ორი წლის წინ საბავშვო ბაღში უნდოდა მუშაობის დაწყება პედაგოგად - მისი პროფესიიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე.
ისანში, ზუსტად მის სახლთან ძალიან ახლოს, ახალთახალი ბაღი შენდებოდა, რომლის დასრულებასაც და ამუშავებას ადგილობრივ მოსახლეობას ხელისუფლება ჯერ კიდევ 2018 წლის არჩევნების დროს პირდებოდა - 2019 წლის სექტემბერში ეს ბაღი უკვე უნდა აგუგუნებულიყო.
ამ ადამიანმა, ვისზეც გიყვებით, მოიკითხა, თუ იყო შესაძლებელი, რომ ამ ბაღში დაეწყო მუშაობა, როდესაც მშენებლობა დასრულდებოდა. მაგრამ მისდა გასაკვირად, უარი უთხრეს და აუხსნეს, რომ ბაღში ყველა სამუშაო ადგილი უკვე დაკავებულია და სტაფი სრულად დაკომპლექტებულია.
არადა ბაღი ჯერ არ არსებობდა - კარკასი იდგა ჯერ მხოლოდ. კარგი - პედაგოგი არ გჭირდებათ, არ გჭირდებათ... მაშინ ჩემს შვილს მაინც მოვიყვან სექტემბრიდან, როდესაც ბაღი გაიხსნებაო...
არა, ვერც შენს შვილს ვერ მოიყვან, იმიტომ, რომ ბავშვების ადგილებიც უკვე ყველა დაკავებულიაო! არარსებული ბაღი უკვე სავსე იყო ვითომ ბავშვებით!
ეს ხდებოდა ჯერ კიდევ 2019 წელს... მას შემდეგ ეს საბავშვო ბაღი, რომელშიც უკვე მილიონებია დახარჯული, ისევ ისეთივე კარკასის დონეზეა და ახლა დამატებითი მილიონებია საჭირო მშენებლობის ბოლომდე მისაყვანად. ამდენი წლის განმავლობაში, ვინ იცის, რა დონეზე დაზიანდა არსებული კონსტრუქცია - დიდი ალბათობით, ბევრი რამე ხელახლა იქნება გასაკეთებელი.
რაც მთავარია, ჩვენ გავარკვიეთ, რომ ამ არარსებულ ბაღს მართლაც ჰყავს დირექტორი, რომელიც წლების განმავლობაში არარსებული სამუშაოსთვის იღებდა ხელფასს - ეს მან თვითონ დაგვიდასტურა და ამას თქვენ ახლა მოისმენთ.
როგორც აღმოჩნდა, ის "ქართული ოცნების" აქტივისტია - როგორც ხდება, სამწუხაროდ, ბაღებსა და სკოლებში - და, რეალურად, ხელფასსაც ამის გამო იღებს. და არ არის გამორიცხული და გასაკვირიც არ იქნება, რომ არარსებულ საბავშვო ბაღში მასთან ერთად პედაგოგებიც არიან გაფორმებულნი, რომლებიც წლების განმავლობაში ხელფასს მმართველი პარტიის მხარდაჭერისთვის იღებენ და არა ბავშვების აღზრდისთვის.
ანა ასათიანის სიუჟეტი - "არარსებული ბაღის დირექტორი"