
სამი თვის წინ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა სამართალდამცველებისთვის საზაფხულო უნიფორმის შესასყიდად მილიონნახევრიანი ტენდერი გამოაცხადა.
შერჩეულ კომპანიას შპს ბენს სატენდერო კომისიამ ხარვეზები დაუდგინა და ტენდერი შეწყვიტა. იმ მიზეზით, რომ ახალი ტენდერის ჩატარება ზაფხულის ბოლომდე დიდი ალბათობით ვეღარ მოესწრებოდა საპატრულო პოლიციის დირექტორმა ვაჟა სირაძემ გადაუდებელი აუცილებლობით გამარტივებული შესყიდვის ჩატარება ითხოვა და ნებართვაც მიიღო.
მაგრამ შესყიდვების სისტემაში აღარ ჩანს შპს ბენის ნაცვლად მილიონნახევარი ვინ და რა პირობებით მიიღო იმიტომ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამარტივებული შესყიდვების ხელშეკრულებები სისტემაში არ ჩანს.
უწყების მიერ მილიონებია დახარჯული და შეუძლებელია, იმის გაკონტროლება ამ შესყიდვების დროს კორუფციული გარიგებები ხომ არ დგება. მით უმეტეს, რომ გამარტივებულ ტენდერზე გადაწყვეტილება კაბინეტებში მიიღება და არა საჯარო ელექტრონულ სივრცეში.
შს სამინისტროს გარდა, ვერც მთავრობის ადმინისტრაციის გამარტივებულ შესყიდვებს იპოვით. ბოლო ორი თვის განმავლობაში ოცდაათი ასეთ შესყიდვის ნებართვა მიიღო და არცერთი ხელშეკრულება მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გავარკვიეთ, რომ საჯარო შესყიდვების მკვლევარები დიდი ხანია ცდილობენ მიზეზის დადგენას, რატომ მალავს ეს ორი უწყება გამარტივებული შესყიდვების ხელშეკრულებებს.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე დიდხანს ითხოვდა შს სამინისტროს ხელშეკრულებებს და შედეგს მხოლოდ ნაწილობრივ მიაღწია.
"პოსტფაქტუმმა" წერილებით შს სამინისტროსთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციასა და შესყიდვების სააგენტოსაც მიმართა, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღია.
რამდენიმე დღის წინ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი დონორებს ღია მმართველობასა და გამჭვირვალობაზე ესაუბრა. შეხვედრისას ხაზი გაესვა მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას - მოქალაქეებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალების დანერგვით.
ამ გაცემული პირობის ფონზე, საინტერესოა, დონორები როგორ აღიქვამენ, რომ იმ უწყების ვებგვერდზე, რომელიც დონორების თანხებს განკარგავს და გამჭვირვალობის კუთხით სამაგალითო უნდა იყოს ინფორმაცია არ იძებნება და არც საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირების ვინაობაა მითითებული.
ავტორი: ლაშა კვესელაძე