
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის შემოვლით გზაზე მშენებლობის დაწყების საზეიმო პრეზენტაცია 2014 წლის ივნისში შედგა. მაშინ როცა ეკონომიკის მინისტრი ჯერ კიდევ გიორგი კვირიკაშვილი იყო. ჩქაროსნული მაგისტრალის პირველ ლოტზე, რომელიც დაახლებით 12 კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავდა, ტენდერში გამარჯვებული უკრაინული კომპანიის “ალტკომის” ქართულ ბაზარზე შემოსვლით ქართველი ჩინოვნიკები ძალიან კმაყოფილი ჩანდნენ.
ავტომაგისტრალის პირველი მონაკვეთი, რომელიც 2017 წელს უნდა დასრულებულიყო არ დასრულებულა. კომპანია “ალტკომმა” ავანსად გადახდილი მილიონები ჯიბეში ჩაიდო და წავიდა.
რომან გოცირიძის აზრით, უკრაინულ ბანკთან “საბანკო გარანტიები” არასწორად იყო გაფორმებული, რაც თავის მხრივ წინასწარ დაწერილი კორუფციული სცენარის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა.
ფულის მიტაცების მანკიერი პრაქტიკა სამტრედია - გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ასაშენებლად შემოსულმა სხვა უცხოურმა კომპანიებმაც ესტაფეტასავით გადაიბარეს. ავანსად გაცემული 30 მილიონი წაიღო და მირაჟივით გაქრა იტალიური ფირმა “ტოდინიც”, მას გარანტორად ყაზახური ბანკი ედგა. მოგვიანებით გაირკვა, რომ “ასტანა ბანკს” სალიკვიდაციო კომისია მართავდა. დრამატული აღმოჩნდა ისტორია, რომელიც ამავე ავტომაგისტრალის მეორე ლოტზე განვითარდა. 18 კილომეტრიანი მონაკვეთის ასაშენებლად გამოცხადებულ ტენდერში, რომლის თავდაპირველი ღირებულებაც 253 მილიონ ლარს შეადგენდა ჩინურმა კომპანიამ “სინოჰიდრომ” გაიმარჯვა
2013 წელს, ვიდრე სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის ტენდერი გამოცხადდებოდა ეს კომპანია მსოფლიო ბანკის მიერ არაკეთილსინდისიერ და თაღლითურ გარიგებებში უკვე იყო შემჩნეული და სანქცირებული.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის შემდეგ გაჩნდა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მრავალმილიონიან ტენდერში "სინოჰიდროს" გამარჯვება შემთხვევითი არ ყოფილა.
საჯარო სამსახურიდან კერძო კომპანიაში გადაბარგებულთა შორის იყო ირაკლი ხერგიანიც, რომელიც სატენდერო კომისიის წევრი იყო მაშინ, როცა "სინოჰიდრომ" გაიმარჯვა, ის მოგვიანებით გადავიდა ისეთ კერძო კომპანიაში, რომელიც სინოჰიდროს საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებდა, თუმცა საგზაო დეპარტამენტში მუშაობისას ხერგიანი ღიად უწევდა რეკლამას იმ ტექნოლოგიას, რომელიც "სინოჰიდრომ "სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის პირვანდელი პროექტის შეცვლის შედეგად განახორციელა.
კონტრაქტორების მიერ პროექტის საკუთარი შეხედულებისამებრ გადაკეთება და გადმოკეთება მშენებლობის დასრულების თარიღს, რა თქმა უნდა ახანგრძლივებს. მთავარი მაინც იმის დადგენაა საბოლოო ჯამში რა დაგვიჯდება სამტრედია-გრიგოლეთის 54 კილომეტრიანი გზის ჯერ აშენება, მერე გადაკეთება, ხოლო ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ მისი ყოველწლიური რემონტი და შენახვა. ასევე საყურადღებოა, საქართველოს კავშირები ამერიკის მტრებთან, რაც ჩვენი გეოსტრატეგიული და ბიზნეს-ინტერესების ხარჯზე ხდება.
ირაკლი ხერგიანის განცხადებით, კერძო კომპანია, რომელშიც მან საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან საქმიანობა გააგრძელა, არ ახორციელებს სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე "სინოჰიდროს“ საქმიანობაზე ზედამხედველობას. ირაკლი ხერგიანის თქმით, მას სამსახურებრივად არანაირი შემხებლობა არა აქვს "სინოჰიდროს“ საქმიანობასთან და დღეისათვის მისი საქმიანობა კერძო კომპანიაში არ უკავშირდება საქართველოში მიმდინარე პროექტებს. ირაკლი ხერგიანის განმარტებით, ააიპ „ახალგაზრდა ადვოკატების“ კვლევა არ შეიცავს ამომწურავ და სრულ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტში მიმდინარე ტენდერებთან დაკავშირებით, რამდენადაც თავად ეს ორგანიზაცია [„ახალგაზრდა ადვოკატები“] აწარმოებს დავებს (ფიზიკური პირების წარმომადგენლობას) საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართ. შესაბამისად, მათი დამოკიდებულება მოცემული საკითხის მიმართ, თავიდანვე მიკერძოებული და არაობიექტური იყო.
ავტორი: გიორგი გვიშიანი