
მეტად და მეტად ვღელავთ საქართველოს კავშირებზე ამერიკის მტრებთან, რაც ჩვენი გეოსტრატეგიული და ბიზნესინტერესების ხარჯზე ხდება... (ამერიკის) გეოსტრატეგიული და ბიზნესინტერესები ფედერალური მთავრობის მასშტაბურ პასუხს მოითხოვს - ეს წერილი კაპიტოლიუმიდან სახელმწიფო დეპარტამენტსა და ხაზინაში, ანუ ფინანსთა სამინისტროში წავიდა. ოღონდ აფეთქებით საქართველოში აფეთქდა
სანამ 2 სენატორისა და 2 კონგრესმენის წერილი ინტერნეტში გამოჩნდებოდა, სალომე ზურაბიშვილს კიდეც დაუწერეს და კიდეც წააკითხეს ბრძანებულება ორი პოლიტპატიმრის შესახებ. ახლა "ქართული ოცნების" ამომრჩეველსაც ვეღარ დაუმალავ, რომ იქამდე სხვა სენატორის სრულად იგნორირებული მოთხოვნა ერთადერთი მიზეზით შესრულდა - ოლიგარქმა საფრთხე იგრძნო
საქართველოს ბიზნესსექტორი და საფინანსო სისტემა წლების განმავლობაში გამოიყენებოდა ირანის წინააღმდეგ დაწესებული ამერიკული სანქციებისთვის გვერდის ასავლელად. 2013 წელს სამმა ირანელმა ბიზნესმენმა დაამყარა კონტროლი პატარა ბანკზე თბილისში, რომელსაც იყენებდნენ ფულის გადასარიცხად ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს, კომპანიებსა და ავიაკომპანიას შორის.
"ქართული ოცნების" ლიდერები მესამე დღეა ისე ოსტატურად იმალებიან, ვერ მოუფიქრებიათ, ახლა როგორ გააცურონ ვაშინგტონი. როგორ დააჯერონ, რომ ამერიკის მტრის, ირანის მეგობარი საქართველო ამერიკის მეგობარია.
ერთ-ერთი გამორჩეული რესპუბლიკელის, ტედ კრუზის მეგობარ ნათელაშვილს სჯერა, რომ ივანიშვილი სანქციებს ვეღარ გადაურჩება. ამერიკის მტრობით და ამერიკის მტრებთან ერთად ნაშოვნ ფულს ბოლო ცენტამდე უპოვიან და გაუყინავენ.
ხელისუფლებისთვის ისიც ცნობილია, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო და ხაზინის დეპარტამენტები, ანაკლიის პორტის პროექტის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებსა და პროექტის შეჩერების მიზეზებს გააანალიზებენ.
ტეხასური კომპანია "ფრონტერა" საქართველოში უმსხვილესი ამერიკული ინვესტორია. მან ნავთობისა და გაზის მარაგების დაზვერვაში 500 მილიონ დოლარზე მეტი ჩადო. ახლა კი საქართველოს მთავრობის მიერ ექსპროპრიაციის საფრთხე დაუდგა. 2019 წელს კიდევ ერთი ამერიკული კომპანია "კონტი გრუპი", მსგავსი მეთოდებით გამოაძევეს ანაკლიის პორტის კონსორციუმიდან. ამერიკული კომპანიების განზრახ ამორიცხვას პორტის მშენებლობიდან მიზნად აქვს საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულების ზრდა - ყველაფერი ეს მოტივირებულია გეოპოლიტიკური მოსაზრებებით, მათ შორის ბიძინა ივანიშვილსა და რუსეთის მთავრობას შორის კავშირებით.
ფრონტერა-რესურსის პრეზიდენტი ჰყვება, რომ სენატორ-კონგრესმენები სახელმწიფო მდივანს ამ საქმეზე ადრეც სწერდნენ, ოღონდ ამერიკული ინვესტიცია, როგორც მზარდი რუსული გავლენის ზონაში ამერიკის ეროვნული ინტერესი, ახლა პირველად ახსენეს.
კიდევ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს "ქართული ოცნების" დუმილი განაჩენივით გამოწერილ ამერიკულ წერილზე? ხვალ-ზეგ იძულებულები იქნებიან, სათქმელს მოუყარონ თავი. მაგრამ თავს ალბათ არ დაუხრიან. ამ ბოლოს ანტიდასავლურობა ისე აქვთ "აკრეფილი", დიდი შანსია, ამ სენატორებსა და კონგრესმენებსაც ისევე მკვახედ მოუჭრან, როგორც სხვებს - "ბატონ ბიძინა ივანიშვილს რუსეთთან არაფერი აკავშირებს. წერტილი". თქმა კი ყველაფრისა შეუძლიათ, მაგრამ სულ უნდა ახსოვდეთ, რომ ამერიკასთან ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ სადავო საქმეში წერტილს ყოველთვის ამერიკა სვამს. წერტილი.
ავტორი: თენგო გოგოტიშვილი