ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმას ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა გამოეხმაურა და თქვა, რომ ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა და ჟურნალისტებზე თავდასხმა მიუღებელია.
"შევიტყეთ, რომ ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა თქვენს კოლეგებთან დაკავშირებით, მათ პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლა მოხდა საკმაოდ აგრესიული ფორმით. ვიცი, რომ გარკვეული ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებიც არის, ტექნიკის დაზიანება. მინდა ვთქვა, რომ ეს ყოვლად მიუღებელია. ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის განხორციელების ხელის შეშლა ყოვლად მიუღებელია, ჟურნალისტებზე თავდასხმა ყოვლად მიუღებელია და ვგმობთ ამ ძალიან სამწუხარო ფაქტს",-თქვა ნათია თურნავამ.
ჰომოფობიური და მოძალადე ჯგუფების წარმომადგენლები დღევანდელ აქციაზე ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. "მთავარი არხის" ჟურნალისტებსა და ოპერატორებს, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, დაზიანებულია ტექნიკა. დღის განმავლობაში ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა სამუშაოს შესრულების დროს შეურაცხყოფა მიაყენეს "ფორმულას", "ტვ პირველის" "On.ge"-ს" "ნეტგაზეთის", "პალიტრას", "რუსთავი 2"-ს, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტებს.
ადგილზე დაძაბულობა ამ დრომდე გრძელდება, თუმცა პოლიციას არავინ დაუკავებია.