ხელისუფლებამ ზურგი აქცია სამართლის უზენაესობაზე დამყარებულ ცივილიზებულ სამყაროს - ლელო

გამოქვეყნდა:

პარტია "ლელო" დღეს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მომხდარზე სრულ პასუხისმგებლიბას ხელისუფლებას აკისრებს.

განცხადებაში პარტია შსს-ს დანაშაული ქმედების აღკვეთისა და ორგანიზატორების დასჯისკენ მოუწოდებს.

"ლელო-საქართველოსთვის” კატეგორიულად მოვუწოდებთ შსს-ს, დაუყოვნებლივ აღკვეთოს დანაშაულებრივი ქმედებები და დასჯილ იქნას ძალადობის ყველა ორგანიზატორი და დანაშაულში მონაწილე პირი.

სახეზეა ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან წინასწარ დაგეგმილი დანაშაულებრივი ქმედებები.

ხელისუფლების უმოქმედობა ამ კრიზისულ ვითარებაში არის დანაშაულში თანამონაწილეობა.

თბილისის ქუჩებში დღეს განვითარებულ მოვლენებზე სრული პასუხიმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას და პრემიერ მინისტრ ღარიბაშვილს, რომელმაც დღეს, თავისი საჯარო განცხადებით პირდაპირ წააქეზა ძალადობა მოქალაქეთა წინააღმდეგ.

ჩვენ, პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის“ კატეგორიულად ვგმობთ მომხდარს.

ხელისუფლებამ დღევანდელი პოზიციით უარი თქვა კონსტიტუციური უფლებების და წესრიგის დაცვაზე, ეს კი ნიშნავს ტიპიური რუსული მმართველობის მოდელის დანერგვას ქვეყანაში.

ამით ხელისუფლებამ ზურგი აქცია სამართლის უზენაესობაზე დამყარებულ ცივილიზებულ სამყაროს, სადაც ადამიანი არის მთავარი ღირებულება.

შედეგად ვიხილეთ - არსამთავრობო ოფისების დარბევა, პარლამენტის წინ ჩამოგლეჯილი ევროკავშირის დროშა, სასტიკად ნაცემი ჟურნალისტები, შეშინებული მოქალაქეები და გაუქმებული მშვიდობიანი შეკრების უფლება!

დღეს ქვეყანაში კონსტიტუცია აღარ მოქმედებს!",-ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქოს მოწოდეის შემდეგ, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების წარმომადგენლები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით მათ რუსთაველზე გადაინაცვლეს, სადაც პარლამენტთან გაშლილი კარვები დაარბიეს.

ჰომოფობიური და მოძალადე ჯგუფების წარმომადგენლები დღევანდელ აქციაზე ჟურნალისტებს თავს დაესხნენ.  "მთავარი არხის" ჟურნალისტებსა და ოპერატორებს, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, დაზიანებულია ტექნიკა. დღის განმავლობაში ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა სამუშაოს შესრულების დროს შეურაცხყოფა მიაყენეს "ფორმულას", "ტვ პირველის" "On.ge"-ს" "ნეტგაზეთის", "პალიტრას", "რუსთავი 2"-ს, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტებს.

ადგილზე დაძაბულობა ამ დრომდე გრძელდება, თუმცა პოლიციას არავინ დაუკავებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი