მადლობა პოლიციას იმ შრომისთვის, რომელიც ჟურნალისტების დასაცავად გასწიეს - ოხანაშვილი

გამოქვეყნდა:

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე სხდომაზე 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და პოლიციას "გაწეული შრომისთვის" მადლობა გადაუხადა.

ოხანაშვილის თქმით, ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას "ადეკვატური და შესაბამისი" რეაგირება მოჰყვება.

"იმ ყველაფერს რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ არაფერი ჰქონდა საერთო, არც ეკლესიასთან, არც ქართულ ტრადიციებთან და საერთოდ არაფერში არ ჯდებოდა და რა თქმა უნდა, დიდი მადლობა პოლიციას იმ შრომისთვის, რომელიც თითოეულ პოლიციელს უწევდა, რომ დაეცვა თითოეული ჟურნალისტი, თუ ჩვენი მოქალაქე. ეს დაუშვებელი მიუღებელია და ამას ექნება ადეკვატური და პროპორციული რეაგირება

ჟურნალისტებს გისურვებთ წარმატებას თქვენს პროფესიულ საქმიანობაში. იცოდეთ, რომ სახელმწიფო ყოველთვის იქნება თქვენს გვერდით და აუცილებლად უზრუნველყოფს, რომ თქვენი საქმიანობა ყოველთვის განახორციელოთ შეფერხების გარეშე და ასეთი რამ აღარ განმეორდეს",- თქვა ოხანაშვილმა.

გუშინ 5 ივლისს 17:00 საათზე თბილის პრაიდის კვირეულის ფარგლებში ღირსების მარში იყო დაგეგმილი. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ. ამის შემდეგ მათ პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც ოპოზიციის კარვები დაარბიეს. ამასთან შეიჭრნენ მოძრაობა "სირცხვილიასა" და "თბილისი პრაიდის" ოფისში.

ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების სამიზნე გუშინ მედიის წარმომადგენლებიც გახდნენ. თავდასხმებს შედეგად 53 ჟურნალისტი დაშავდა. პოლიციამ მომხდარზე 8 პირი პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის მუხლით დააკავა. მომხდარს გუშინვე გამოეხმაურნენ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებიც. ერთობლივ განცხადებაში მათ ხელისუფლებას დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი