ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ათეულობით ჟურნალისტზე ძალადობის, ცემისა და პოლიციის უმოქმედობის შემდეგ, პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ძალადობას გმობს და ამბობს, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა მისთვის მიუღებელია.
გუშინ აქციაზე ჟურნალისტებზე თავდასხმის გამო 8 პირი მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
ამასთან გუშინ, 5 ივლისს დაპირისპირებაზე მან პასუხისმგებლობა "თბილისი პრაიდს" დააკისრა და თქვა, რომ ორგანიზატორების უკან "სააკაშვილის მეთაურობით ოპოზიცია დგას".
"მე მინდა პირველ რიგში გითხრათ, რომ ჩემთვის არის ყოვლად მიუღებელი, ის ძალადობა, რაც ჩვენ ვიხილეთ და მე მინდა საჯაროდ ეს ფაქტი დავგმო. კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც მოხდა გუშინ. ჟურნალისტებზე, თქვენზე ძალადობა არის, რა თქმა უნდა, მიუღებელი და ეს არის დასაგმობი.
პოლიცია მუშაობს ძალიან აქტიურად, დღეს დილით მოხდა რამდენიმე ადამიანის დაკავება ადმინისტრაციული წესით, ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდება და რა თქმა უნდა, ყველა პირი შესაბამისად იქნება დასჯილი, ვინც ეს ძალადობა ჩაიდინა",-თქვა ღარიბაშვილმა.
გუშინ 5 ივლისს 17:00 საათზე თბილის პრაიდის კვირეულის ფარგლებში ღირსების მარში იყო დაგეგმილი. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ. ამის შემდეგ მათ პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც ოპოზიციის კარვები დაარბიეს. ამასთან შეიჭრნენ მოძრაობა "სირცხვილიასა" და "თბილისი პრაიდის" ოფისში.
ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების სამიზნე გუშინ მედიის წარმომადგენლებიც გახდნენ. თავდასხმებს შედეგად 53 ჟურნალისტი დაშავდა. პოლიციამ მომხდარზე 8 პირი პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის მუხლით დააკავა. მომხდარს გუშინვე გამოეხმაურნენ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებიც. ერთობლივ განცხადებაში მათ ხელისუფლებას დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდეს.