დღეს 8 საათზე საღამოს გამოდით რუსთაველზე და 1 საათი ჩუმად დადექით - ამ მოწოდებით პარტია "გირჩი მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე საკუთარ "ფეისბუქზე" საზოგადოებას მიმართავს. ის გუშინ თბილისში განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებს და მომხდარში ხელისუფლებასა და საპატრიარქოს ადანაშაულებს.
"ეს იყო კარგად ორგანიზებული სპეცოპერაცია,რომელიც ჩაატარეს ერთად ხელისუფლებამ და საპატრიარქომ, ეს არის სიბნელე, რომელიც აფეხებს ამ ქვეყნის წინსვლას და კლავს ჩვენი შვილების მომავალს. ეს სიბნელე დგას ყველგან, სადაც კი მე რამე ვცადე, რამის გაკეთება და რა მიმართულებითაც არ წავედი ყველგან ამ სიბნელეს შევეჯახე, როგორც კედელს[...]
დღეს, 8 საათზე საღამოს გამოდით რუსთაველზე და ჩუმად დადექით. არავინ არაფერს არ გთხოვს, არც მიტინგი იქნება, არც მიკროფონები იქნება, არც ბღავილი იქნება, არც მუსიკა იქნება და არაფერი, უბრალოდ გამოდით და 1 საათი დადექით",- ამბობს ზურა ჯაფარიძე.
გუშინ 5 ივლისს 17:00 საათზე თბილის პრაიდის კვირეულის ფარგლებში ღირსების მარში იყო დაგეგმილი. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ. ამის შემდეგ მათ პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც ოპოზიციის კარვები დაარბიეს. ამასთან შეიჭრნენ მოძრაობა "სირცხვილიასა" და "თბილისი პრაიდის" ოფისში.
ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების სამიზნე გუშინ მედიის წარმომადგენლებიც გახდნენ. თავდასხმებს შედეგად 53 ჟურნალისტი დაშავდა. პოლიციამ მომხდარზე 8 პირი პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის მუხლით დააკავა. მომხდარს გუშინვე გამოეხმაურნენ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებიც. ერთობლივ განცხადებაში მათ ხელისუფლებას დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდეს.