რადიკალური დაჯგუფებების მხრიდან ათეულობით დაშავებული ჟურნალისტების შემდეგ, მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ აქციაზე პოლიცია შესაბამისად მოქმედებდა.
"ქართული ოცნების" დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძის თქმით, პოლიციის უმოქმედობა ტენდენციური შეფასებაა და გუშინდელ აქციაზე "ზედმეტი ესკალაციის არიდება პოლიციის დამსახურებაა".
"გუშინ რაც ვიხილეთ ისედაც ძალიან დრამატული და მძიმე სანახავი იყო და არ სჭირდება ამას დამატებით არასწორი შეფასებების დამატება.
ტენდენციურად აფასებთ, რომ სახელმწიფო გუშინ არ ჩანდა, ყველგან, სადაც ზედმეტი ესკალაცია თავიდან არიდებული იქნა, ბუნებრივია, რომ ეს პოლიციელების დამსახურებაა.
რა საკვირველია, რომ პოლიცია ჩანდა ყველგან, სადაც ამის აუცილებლობა იყო",- თქვა სარჯველაძემ.
გუშინ 5 ივლისს 17:00 საათზე თბილის პრაიდის კვირეულის ფარგლებში ღირსების მარში იყო დაგეგმილი. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ. ამის შემდეგ მათ პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც ოპოზიციის კარვები დაარბიეს. ამასთან შეიჭრნენ მოძრაობა "სირცხვილიასა" და "თბილისი პრაიდის" ოფისში.
ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების სამიზნე გუშინ მედიის წარმომადგენლებიც გახდნენ. თავდასხმებს შედეგად 53 ჟურნალისტი დაშავდა. პოლიციამ მომხდარზე 8 პირი პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის მუხლით დააკავა. მომხდარს გუშინვე გამოეხმაურნენ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებიც. ერთობლივ განცხადებაში მათ ხელისუფლებას დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდეს.