ევროკავშირის დროშა კვლავ დაუბრუნდა პარლამენტის წინ თავის კუთვნილ ადგილს - ზალკალიანი

გამოქვეყნდა:

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ქვეყანაში ბოლო 2 დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ ძალადობრივი ქმედებები სრულიად მიუღებელია. ის პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის ძალადობრივად ჩამოხსნის შემდეგ, მის აღმართვას გამოეხმაურა და წერს:

"ევროკავშირის დროშა კვლავ დაუბრუნდა საქართველოს პარლამენტის შენობის წინ თავის კუთვნილ ადგილს, როგორც ქართველი ხალხის ისტორიული და უალტერნატივო არჩევანის სიმბოლო.

ქართული კულტურა ყოველთვის იდგა ევროპულ ღირებულებებზე და ამასთან, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ჩვენმა ქვეყანამ ძალიან ბევრი გააკეთა ევროპასთან პოლიტიკურ-ეკონომიკურად დაახლოებისთვის. თავის მხრივ, ევროკავშირის როლი ფასდაუდებელია საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარების, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში.

სრულიად მიუღებელია ის ძალადობრივი ქმედებები, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩვენს დედაქალაქში ხდებოდა, მიუღებელია და კატეგორიულად ვგმობ, მედიის წარმომადგენლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმას. დარწმუნებული ვარ, ყველა დამნაშავე პასუხს აგებს კანონის წინაშე", - წერს დავით ზალკალიანი.

მისი თქმით, საქართველო, როგორც თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული ფასეულობების სახელმწიფო, მუდმივად იდგება საერთო ღირებულებების სადარაჯოზე.

შეგახსენებთ, რომ 6 ივლისს პარლამენტთან მშვიდობიანი, მდუმარე აქცია გაიმართა სადაც შეკრებილმა პოლიტიკოსებმა, აქტივისტებმა, "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებმა და მოქალაქეებმა 5 ივლისს დაზარალებულ მედიის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს. 

აქციის პარალელურად შეიკრიბნენ ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფებიც, რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება. ისინი მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართულებით ქვებს, ბოთლებს, ასაფეთქებელ პიროტექნიკას და სხვა ნივთებს ისროდნენ. მას შემდეგ კი რაც პოლიციამ პარლამენტის ტერიტორიიდან მედია და აქციის მონაწილეები გაიყვანა ადგილი დაიკავეს, ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დახიეს.

გუშინ პოლიციამ 100 ადამიანი დააკავა, მათ შორის 68 ხელწერილით გაათავისუფლეს. უწყების ინფორმაციით, დაშავდა რამდენიმე პოლიციელიც, დაზიანდა მათი მანქანებიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი