"ქართული ოცნების" დეპუტატის, ალუდა ღუდუშაურის აზრით, ბოლო ორი დღის განმავლობაში თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მმართველი გუნდისკენ ისრების გადატანის მცდელობა უსუსურია.
მანაც გაიმეორა, რომ ძალადობას ემიჯნება და ეს სამარცხვინო საქციელია.
"ისრების გადატანის მცდელობა "ქართული ოცნებისკენ" ეს არის უსუსური მცდელობა და ძალიან სამწუხარო მცდელობა ამავდროულად, რა თქმა უნდა, ჩვენ ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, ჩვენთვის მიუღებელია და ვემიჯნებით, ასეთი სამარცხვინო საქციელი და ცალკეული შემთხვევები, რომელიც ნამდვილად ატარებს ძალადობრივ ხასიათს", - თქვა ალუდა ღუდუშაურმა.
მისი აზრით, თუ ძალადობაზე საკმარისი რეაგირება არ იქნება, ამას ჟურნალისტებთან ერთად მკაცრად მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ 6 ივლისს პარლამენტთან მშვიდობიანი, მდუმარე აქცია გაიმართა სადაც შეკრებილმა პოლიტიკოსებმა, აქტივისტებმა, "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებმა და მოქალაქეებმა 5 ივლისს დაზარალებულ მედიის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
აქციის პარალელურად შეიკრიბნენ ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფებიც, რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება. ისინი მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართულებით ქვებს, ბოთლებს, ასაფეთქებელ პიროტექნიკას და სხვა ნივთებს ისროდნენ. მას შემდეგ კი რაც პოლიციამ პარლამენტის ტერიტორიიდან მედია და აქციის მონაწილეები გაიყვანა ადგილი დაიკავეს, ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დახიეს.
გუშინ პოლიციამ 100 ადამიანი დააკავა, მათ შორის 68 ხელწერილით გაათავისუფლეს. უწყების ინფორმაციით, დაშავდა რამდენიმე პოლიციელიც, დაზიანდა მათი მანქანებიც.