
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, 5 ივლისს პოლონელი ტურისტის დაჭრას თბილის პრაიდის მოწინააღმდეგე მოძალადეებთან და მათ აქციასთან კავშირი არ აქვს. მისი თქმით, ბრალდებულსა და ტურისტს შორის არანაირი დაპირისპირება არ მომხდარა.
"აღნიშნული ფაქტი მოხდა სრულიად დამოუკიდებლად, ეს მოხდა ვარანცოვზე, ხეთაგუროვის ქუჩაზე, სადაც როგორც ჩვენთვის ცნობილია და დედამაც გააკეთა განცხადება, ფსიქიურად დაავადებული ადამიანი თავს დაესხა უცხოელ ტურისტს. არანაირი კავშირი ამ ფაქტს, იმ ფაქტებთან რაზეც საუბარი იყო, რომ თითქოს ეს პრაიდს უკავშირდება სიცრუეა", - თქვა მინისტრის მოადგილემ.
ცნობისთვის, დაჭრილი ტურისტის მდგომარეობა სტაბილურია. ის მკურნალობას ალადაშვილის კლინიკაში აგრძელებს. ექიმის განცხადებით, ოპერაციების შემდეგ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლონელი ტურისტის დაჭრაში ბრალდებულს დღეს, 7 ივლისს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
გიორგი ხმალაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13 წლიდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულ გ.ხ.-ს აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა. შესაბამისად, მისი შერაცხადობის დადგენის მიზნით გამოძიების მიმდინარეობისას დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა.