სამოქალაქო აქტივისტი, იდა ბახტურიძე Facebook-ზე შს მინისტრის მოადგილის განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ შსს იტყუება, როცა ამბობს, რომ მარშუტის ცვლილებასა და შეთანხმებაზე "თბილისი პრაიდი" მზად არ იყო.
ბახტურიძის განმარტებით, შსს-მ მარშის ჩასატარებლად აქტივისტებს წერეთელზე გამოფენის ტერიტორია შესთავაზა. პრაიდის ორგანიზატორები კი უწყების წარმომადგენლებს, ეკითხებოდნენ, რომელ ქუჩაზე იქნებოდა მათთვის გავლა უსაფრთხო, თუმცა შსს-ს წარმომადგენლები მათ კითხვებს არ პასუხობდნენ.
იდა ბახტურიძემ ასევე აღნიშნა, რომ 4 ივლისს, საღამოს ფილარმონიასთან შსს-ს წარმომადგენლების შეხვედრა გადაწყდა, თუმცა "თბილისი პრაიდის" წევრები მათ ვერ უკავშირდებოდნენ.
"ბრიფინგის ნაწილს ვუსმინე ჯერ და მარშის ალტერნატიული ადგილი შევთავაზეთო. გაინტერესებთ ეს ადგილი რა იყო?! გამოფენის ტერიტორია წერეთელზე. მარში, ხალხო! იქ შედითო. მინისტრის მოადგილე იტყუება, როცა ამბობს, რომ მარშრუტის ცვლილებაზე და შეთანხმებაზე არ იყო თბილის პრაიდი მზად. ვეკითხებოდით რომელ ქუჩაზე ჩავლაზე გვაძლევდნენ უსაფრთხოების გარანტიებს და არაო, ჩვენო ვერ გეტყვითო. თქვენ თქვითო. ჩვენ რაც ნათქვამი გვქონდა, იქ არ გამოვაო. 4-ში საღამოს ფილარმონიასთან შეკრება გადაწყდა და მათ ვერ ვუკავშირდებოდით, რომ ადგილი დროულად შეგვეთანხმებინა. დილას რაც იყო კი ნახეთ",- წერს იდა ბახტურიძე.
5 ივლისის მარშზე შსს პასუხისმგებლობას იხსნის - როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ თქვა, პრაიდის ორგანიზატორებს აფრთხილებდნენ, რომ 5 ივლისს, ღონისძიების ფორმატისა და მასშტაბიდან გამომდინარე იყო რისკები და საშიშროება, რომ ვითარება დაიძაბებოდა, რის გამოც მათ ალტერნატიული ადგილიც შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს.