მედიაზე ძალადობას რადიკალური ოპოზიცია და პრაიდის ორგანიზატორები ინატრებდნენ - მდინარაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, მამუკა მდინარაძის აზრით, რადიკალური ჯგუფების ქმედებები, მათ შორის ჟურნალისტებზე ძალადობა ოპოზიციის წარმომადგენლების და თბილისი პრაიდის ორგანიზატორების "წისქვილზე ასხამს წყალს".

"ერთი კითხვა მაქვს ამ ყველაფრის ორგანიზატორებთან, თუ კი მათ [ძალადობრივ ჯგუფებს] ისევე როგორც ქართული საზოგადოების ძალიან დიდ და მნიშვნელოვან ნაწილს, მიაჩნიათ, რომ ეროვნული ინტერესები, იდენტობა, ინტერესები, ეკლესია და ასე შემდეგ უნდა დაიცვან, მაშინ ის ქმედებები, რაც მათმა ნაწილმა განახორციელა, პირიქით, ხომ არ უწყობს ხელს ამ ყველაფრის დისკრედიტაციას? ხომ არ არის პირიქით, ისინი ვიღაცის წისქვილზე ხომ არ ასხამენ წყალს და ის ვიღაცები არიან, მათ შორის, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და პრაიდის ორგანიზატორები, რომლებიც, ალბათ, ამას ინატრებდნენ და ამას ისურვებდნენ, მათ განეხორციელებინათ ძალადობა ჟურნალისტების მიმართ", - თქვა მამუკა მდინარაძემ. 

შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს არაერთი მედიის წარმომადგენელი დაშავდა. შსს-ს ინფორმაციით, თავს 53 ჟურნალისტს დაესხნენ, პოლიციას ამის გამო ჯამში 7 პირი ჰყავს დაკავებული.

6 ივლისს პარლამენტთან მშვიდობიანი, მდუმარე აქციის პარალელურად ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა, რამდენჯერმე გაარღვიეს პოლიციის კორდონი, იყო დაპირისპირება. ისინი მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართულებით ქვებს, ბოთლებს, ასაფეთქებელ პიროტექნიკას და სხვა ნივთებს ისროდნენ. მას შემდეგ კი რაც პოლიციამ პარლამენტის ტერიტორიიდან მედია და აქციის მონაწილეები გაიყვანა ადგილი დაიკავეს, ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დახიეს.

გუშინ პოლიციამ 100 ადამიანი დააკავა, მათ შორის 68 ხელწერილით გაათავისუფლეს. უწყების ინფორმაციით, დაშავდა რამდენიმე პოლიციელიც, დაზიანდა მათი მანქანებიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი