დღეს ჩვენს ქვეყანაში არ ხდება დისკრიმინაცია - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, საქართველოში დღეს დისკრიმინაცია არ ხდება და ყველა ადამიანი დაცულია. ამის შესახებ მან ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"დღეს ჩვენს ქვეყანაში არ ხდება დისკრიმინაცია განსხვავებული აზრის, განსხვავებული ცხოვრების წესის ადამიანების. ყველა ადამიანი არის დაცული კანონის მიერ და კონსტიტუციის ქვეშ და ეს ასეც იქნება. ამის გარანტიას იძლევა ჩვენი კონსტიტუცია და კანონი. ჩვენ, როგორც მთავრობა ამ კანონს რა თქმა უნდა აღვასრულებთ. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა თქვენთვის განვმარტო და მოსახელობისთვისაც, რომ ცალკეული პროვოკაციული შემთხვევების განზოგადეობა არასწორია. ეს რა თქმა უნდა, არ შედის ჩვენს ინტერესებში. ცხოვრება გრძელდება", - თქვა ირაკლი ღრიბაშვილმა.

მისივე განცხადებით, საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზაზე პროვოკაციული ჯგუფები შეეცდებიან ზიანის მიყენებას, მაგრამ ამ პროვოკაციებს დაძლევენ.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების დისკრიმინაციის და თავდასხმების გამო ორი დღის წინ "თბილისი პრაიდს" ღირსების მარშის ჩატარების შესაძლებლობა არ მიეცა.

5 ივლისს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს არაერთი მედიის წარმომადგენელი დაშავდა. შსს-ს ინფორმაციით, თავს 53 ჟურნალისტს დაესხნენ, პოლიციას ამის გამო ჯამში 7 პირი ჰყავს დაკავებული.

6 ივლისს პარლამენტთან მშვიდობიანი, მდუმარე აქციის პარალელურად ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა, რამდენჯერმე გაარღვიეს პოლიციის კორდონი, იყო დაპირისპირება. ისინი მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართულებით ქვებს, ბოთლებს, ასაფეთქებელ პიროტექნიკას და სხვა ნივთებს ისროდნენ. მას შემდეგ კი რაც პოლიციამ პარლამენტის ტერიტორიიდან მედია და აქციის მონაწილეები გაიყვანა ადგილი დაიკავეს, ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დახიეს.

პოლიციამ 100 ადამიანი დააკავა, მათ შორის 68 ხელწერილით გაათავისუფლეს. უწყების ინფორმაციით, დაშავდა რამდენიმე პოლიციელიც, დაზიანდა მათი მანქანებიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი