ნიკა მელიას დიდი ალბათობით ხვალ დეპუტატობის ბოლო დღე ექნება. ბიძინა ივანიშვილს და მის საპარლამენტო უმრავლესობას პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული აქვთ და ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილებას ჩამოართმევენ.
მელია ამბობს, რომ მისთვის პარლამენტარის სტატუსის ჩამორთმევა ბიძინა ივანიშვილის პირადი ანგარიშსწორებაა. ამბობს, რომ „ოცნება“ ამ ქმედებით მის განეიტრალებას ვერ შეძლებს და ვერც ოპონენტს ვერ ჩამოიშორებს.
„ოცნება“ რომ პოლიტიკური მოტივით მოქმედებს, ეს მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებებიდანაც ჩანდა. „ოცნების“ ნაწილი დღეს მელიას კრიმინალს უწოდებდა და ამბობდა, რომ იმოქმედებენ ისე, როგორც კონსტიტუციით არის განსაზღვრული.
თანაგუნდელებისგან განსხვავებულად ფიქრობს კახა ოქრიაშვილი. „ოცნების“ დეპუტატი ხვალ ბიძინა ივანიშვილის დავალებას არ შეასრულებს და ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას ხმას არ მისცემს.
„ოცნებიდან“ დემარშით სხვადასხვა დროს წასულებიც ამბობენ, რომ „ოცნება“ ჩქარობს და ნიკა მელიას უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დაუჭერენ.
„ოცნებას“ ნიკა მელიას პარლამენტიდან გასაშვებად 76 დეპუტატის ხმა სჭირდება. ოპოზიციონერ მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე ჯერ საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე იმსჯელებენ, შემდეგ კი საკითხს საბოლოოდ გასაფორმებლად პლენარულ სხდომაზე გაიტანენ.