"ქართული ოცნების" დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ის მხარს დაუჭერს ყველა "ჯანსაღ" ინიციატივას, რომელიც ქართული ეკლესიის გაძლიერებას გულისხმობს, თუმცა ოხანაშვილი თქმით, მსგავს თემასთან დაკავშირებით არანაირი მსჯელობა არ ყოფილა და წინასწარ, განხილვის გარეშე საუბარი შეუძლებელია.
"როდესაც საუბარია ქართული ეკლესიის გაძლიერებაზე, რა თქმა უნდა, სიამოვნებით, ყოველთვის ყველა ჯანსაღ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ეკლესიის გაძლიერებას, პირადად მე მხარს დავუჭერ.
თუმცა კონკრეტულ პროექტს, რაც არ მინახავს, რაც ჯერ არ წამიკითხავს და არ არის რაიმე ფორმით წარმოდგენილი, როგორ შეძლება ამაზე წინასწარ გითხრათ.
არ ყოფილა ჩვენთან რაიმე ტიპის კომუნიკაცია, მე არ მაქვს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, არის მგრძნობიარე, აღნიშნულ საკითხს სჭირდება, მსჯელობა, განხილვა, განსჯა და მხოლოდ ამის შემდგომ შეიძლება ფიქრი, რა ფორმით და როგორ შეიძლება და საჭიროა თუ არა დარეგულირება",- თქვა ოხანაშვილმა.
საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 5 ივლისს, ძალადდობრივი და ჰომოფობიური აქციის შემდეგ, მეუფე შიომ ქადაგებისას თბილისი პრაიდის ორგანიზატორები ძალადობაში დაადანაშაულა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მოითხოვა - "ეს რომ აღარ განმეორდეს, ვფიქრობთ, ხომ არ არის დრო, ჩვენმა ხელისუფლებამ, საზოგადოებამ დავიწყოთ ფიქრი იმაზე, რომ კანონმდებლობაში აისახოს რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფის ცნება".
თემაზე საუბრისას ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ საკითხი სენსიტიურია და მას განხილვა სჭირდება.
დღეს პრეზიდენტთან მეუფე შიოსა და ანდრია ჯაღმაიძის ვიზიტის შემდეგ ჯაღმაიძეს ჰკითხეს, რა შეიძლება ჩაითვალოს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად, თუ საკითხი დღის წესრიგში დადგება. ჯაღმაიძემ კითხვას ასე უპასუხა: "ძალიან რთული დეფინიციაა და ამაზე უნდა მოიკრიბოს საერთაშორისო გამოცდილება და იურისტებმა იმსჯელონ"
ამასთან ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ ხშირ შემთხვევაში საზოგადოების მხრიდან ეკლესიაზე საუბრისას გადაცდომები არის და ეს ყველას აწუხებს.
"მეუფემ თქვა, რომ საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს ამაზე და თქვენთან ერთად, საზოგადოებასთან ერთად ვიმსჯელოთ ამაზე, როგორ გავაკეთოთ ისე, რომ ადამიანები მეტ-ნაკლებად დაცული იყვნენ ცილისწამებისგან, შეურაცხყოფისგან. რელიგიური ხალხი ხართ, ეკლესიის შვილები ხო ხართ და ხშირ შემთხვევაში ხომ ხედავთ, რომ არის გადაცდომები, არის ზღვარის გადალახვა, ყველას გვაწუხებს მე მგონი ეს",- თქვა მან.
მეუფე შიოს ინიციატივასა და ხელისუფლების შეფასებებს ოპოზიციაშიც გამოეხმაურნენ. ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ თუ მსგავსი ინიციატივა გატარდება, ეს ქვეყნის ირანიზაცია იქნება. მათი შეფასებით, კანონმდებლობაში მსგავსი ჩანაწერები ავტოკრატიულ ქვეყნებში კეთდება და ის მხოლოდ რუსეთის ინტერესებს ემსახურება.
მათივე თქმით, მსგავსი კანონით მოგებულად ყოველთვის მოძალადე ჯგუფი რჩება, ვინაიდან, გაურკვეველია სად გადის ზღვარი, ვის რა შეურაცხყოფს.