საქართველოში გერმანიის ელჩი, ჰუმბერტ ქნირში აცხადებს, რომ დააკვირდებიან როგორ იცავს საქართველოში სახელმწიფო ყველა მოქალაქის ძირითად უფლებებს. მის განცხადებას საელჩო ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ საქართველომ ევორკავშირის წინაშე დადო პირობა, შეკრებებისა და აზრის თავისუფალი გამოხატვის ძირითადი უფლებების ქმედითი დაცვის შესახებ.
"მივესალმები საქართველოს მთავრობის დაპირებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებების დაცვის დიალოგისას. მას ოფიციალური ხასიათი აქვს და ბევრად უფრო ნათლად არის ფორმულირებული, ვიდრე ბევრი სხვა განცხადება, რომელიც გასული დღეების განმავლობაში მოვისმინეთ. კვლავაც დავაკვირდებით, თუ როგორ იცავს საქართველოში სახელმწიფო ყველა მოქალაქის ძირითად უფლებებს", - განაცხადა ჰუმბერ ქნირშმა.
შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს არაერთი მედიის წარმომადგენელი დაშავდა. შსს-ს ინფორმაციით, თავს 53 ჟურნალისტს დაესხნენ, პროკურატურამ ამის გამო 8 პირს წარუდგინა ბრალი.
6 ივლისს პარლამენტთან მშვიდობიანი, მდუმარე აქციის პარალელურად ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა, რამდენჯერმე გაარღვიეს პოლიციის კორდონი, იყო დაპირისპირება. ისინი მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართულებით ქვებს, ბოთლებს, ასაფეთქებელ პიროტექნიკას და სხვა ნივთებს ისროდნენ. მას შემდეგ კი რაც პოლიციამ პარლამენტის ტერიტორიიდან მედია და აქციის მონაწილეები გაიყვანა ადგილი დაიკავეს, ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დახიეს.
6 ივლისს პოლიციამ 100 ადამიანი დააკავა, მათ შორის 68 ხელწერილით გაათავისუფლეს. უწყების ინფორმაციით, დაშავდა რამდენიმე პოლიციელიც, დაზიანდა მათი მანქანებიც.