უკვე 4 დღეა, რაც ქვეყნის მთავარ გამზირზე, რადიკალური, ძალადობრივი ჯგუფების მიერ აღმართული რკინის ჯვარი დგას. მოძალადეები მას რიგ-რიგობით იცავენ და კადრების გადასაღებად ადგილზე მისულ მედიას კვლავ აგრესიით ხვდებიან.
მმართველ გუნდს კი დღეს, ერთნაირი მესიჯბოქსი აქვს და კითხვაზე, უნდა დარჩეს თუ არა რადიკალების მიერ აღმართული ჯვარი იმ ადგილას, სადაც ძალადობრივმა ჯგუფებმა ევროკავშირის დროშა ორჯერ ჩამოგლიჯეს და დემონსტრაციულად დაწვეს, გაიძახის, რომ საქართველო, რომელიც კონსტიტუციის თანახმად, სეკულარული სახელმწიფოა, "მართლმადიდებლური ქვეყანაა".
"ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, შალვა პაპუაშვილი, ამბობს, რომ "საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ეს ჯვარი, რუსთაველის გამზირიდან აიღება".
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა, კი "დარწმუნებულია, რომ საპატრიარქოსთან ერთად, ეს თემა მოგვარდება". ზარქუა ასევე აღნიშნავს, რომ "ჩვენ მართლმადიდებლური სახელმწიფო ვართ" და 9 აპრილის მემორიალთან "ჯვარი უნდა იყოს".
ზარქუას მსგავსად, ვაკის მაჟორიტარი ნოდარ ტურძელაძეც მიიჩნევს, რომ "საქართველო მართლმადიდებლური სახელმწიფოა" და ვერანაირ პრობლემას რუსთაველის გამზირზე ჯვარის აღმართავში "ვერ ხედავს".
"ჯვრის, როგორც ქრისტიანობის სიმბოლოს მიმართ, რა თქმა უნდა საწინააღმდეგო ვერაფერი ექნება" ბექა დავითულიანს, თუმცა, მისივე თქმით, ის, რომ ძალადობრივი ჯგუფები "გამოვიდნენ, იძალადონ და შემდეგ სადაც უნდათ და რაც უნდათ ის დადგან სწორი არაა". "ჯვარია და მე არ მაწუხებს", - ამბობს დავითულიანი. მისივე თქმით, მოძალადეები "ალბათ თვითონვე აიღებენ" ჯვარს.