გაერთიანებული ოპოზიციის ოთხი საერთო კანდიდატის ვინაობა ცნობილია

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური შეთანხმება, რომლიც ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას - ოპოზიცია ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდება. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე, მხარეებს შორის გაფორმებული 8 მარტის დოკუმენტი შეთანხმებად არ ჩაითვლება. სწორედ "მთავარი არხის" დამფუძნებლის პატიმრობაა ერთადერთი საკითხი, რომელზეც საკონსტიტუციო ცვლილებები და პოლიტიკური დღის წესრიგია დამოკიდებული. გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრას პატიმრობიდან გათავისუფლებული გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილიც ესწრებოდნენ. 

როგორც ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, ოპოზიციას შორის შეთანხმება საარჩევნო საკითხებზე ძალაშია და მათ საერთო მაჟორიტარები ეყოლებათ. 

პარტიები დამოუკიდებლად წარდგებიან არჩევნებზე, ამ დამოუკიდებლობას ექნება საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმება. ვიქნები მაჟორიტარი, მაგრამ სად ამას გეტყვით. არ გამოვრიცხავ, რომ გორში, - ამბობს ოქრუაშვილი.

მაჟორიტარად კენჭისყრას აპირებს გიგი უგულავაც. მისი თქმით, ჯერ მიმდინარეობს კონსულტაციები და მოგვიანებით გახდება ცნობილი, სად იყრის კენჭს. 

ლოგიკურია ვიყო მაჟორიტარი, მაგრამ სად ვიქნები და როგორ ვიქნები უნდა შეთანხმდეს, - ამბობს უგულავა. 

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს. მათი განცხადებით, აუცილებელია გათავისუფლდეს გიორგი რურუა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ იმ კენჭისყრაში მონაწილეობას, რომელითაც იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს უნდა დაუჭირონ მხარი, რომლის საშუალებითაც საარჩევნო სისტემა შეიცვლება.  

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური ფორმატი რჩება ერთიანი და მტკიცე. ჩემი აზრით, ამან დიდი როლი ითამაშა, რომ 8 მარტის შეთანხმების გარკვეული ნაწილი შეთანხმებულია. 

ძალიან მნიშვნელოვანია შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც ეხება პოლიტპატიმრებს, რომ ბოლომდე შესრულდეს. ამის შემდეგ შევძლებთ მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, - ამბობს თინა ბოკუჩავა.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ მაჟორიტარობის ოთხი საერთო კანდიდატი უკვე არსებობს, ესენი არიან გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი, შალვა ნათელაშვილი და გიორგი ვაშაძე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი