კახი კალაძის ერთ-ერთმა მოადგილემ სოფო ხუნწარიამ თანამდებობა დატოვა. მერის უკვე ყოფილი მოადგილე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ეს გადაწყვეტილება პირადი სურვილით მიიღო.
სოფო ხუნწარიას გადადგომაზე განსხვავებული მოსაზრება აქვთ ოპოზიციაში და მის ამ ნაბიჯს მერიის გამოცხადებულ ტენდერებსა და ფინანსურ დარღვევებს უკავშირებენ.
სწორედ მის დროს ფორმდებოდა ტენდერის გარეშე მრავალმილიონიანი კონტრაქტები, რომლებიც დაკავშირებული იყო 26 მაისთან, თბილისობასთან და ახალ წელთან. და ამასთან დაკავშირებით იყო ძალიან ბევრი კითხვა, მით უმეტეს, რომ ისინი ფორმდებოდა ტენდერის გარეშე. არ არის გამორიცხული, რომ დაიწყო ამ მასალების შესწავლა აუდიტის სამსახურში, მერიის შიდა სამსახურში და სანამ რაიმე სკანდალი აფეთქდებოდა, მანამდე დააწერინეს განცხადება, - ამბობს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე.
მერიის გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც უწყებამ მხოლოდ "მთავარი არხის" მიერ ამ ფაქტის გაშუქების შემდეგ გაავრცელა, ვკითხულობთ, რომ თბილისის მერია სოფო ხუნწარიას ორწლიანი მუშაობისთვის მადლობას უხდის.
სოფო ხუნწარია თბილისის მერიაში კულტურის მიმართულებას კურირებდა. იგი საჯარო სამსახურიდან არტარეაში აპირებს დაბრუნებას, სადაც მერიაში სამსახურის დაწყებამდე მუშაობდა.