"მთავარი არხის" დამფუძნებლის გიორგი რურუას დაკავების ოპერაციის ხელმძღვანელი "ქართულმა ოცნებამ" სამმართველოს უფროსად გადაიყვანა. არც ხელისუფლებაში და არც ძალოვან უწყებაში არავინ განმარტავს, რატომ დააწინაურეს პოლიციელი, რომელსაც იარაღის ჩადებაში ადანაშაულებენ.
პოლიციელი, რომელიც გიორგი რურუას დაკავების ოპერაციას პირადად ხელმძღვანელობდა, კახა მურადაშვილია. ის აქტიურად იყო ჩართული საგამოძიებო პროცესშიც და იმ საქმის შეკოწიწებაშიც, რომლის საფუძველზეც მთავარი არხის ერთერთი მეწილე მეექვსე თვეა პატიმრობაშია. რურუას საქმე კახა მურადაშვილისთვის პროფესიული წინსვლის საფუძველი გახდა. "მთავარს" წყარო პოლიციიდან უყვება, რომ კარგად შესრულებული დავალებების გამო მურადაშვილი დააწინაურეს და დღეს იგი თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას არ აკეთებს, თუ რატომ აწინაურებენ პოლიციელებს, რომელთა საქმიანობის მიმართაც კითხვის ნიშნებია არსებობს.
დაცვის მხარე დაკავების მომენტიდან ამტკიცებს, რომ პესეემის მარკის პისტოლეტი, რომელიც თითქოს რურუას ავტომობილიდან ამოიღეს, ბრალდებულს არ ეკუთვნის. ამას თითქმის ყველა პროცესზე თავად ამბობს ბრალდებულიც. მსგავსი ნიუანსების გამო ადვოკატები ამბობენ, რომ გიორგი რურუა უკანონო პატიმარია. იურისტების განმარტებით, ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა ვერც პროკურატურის ის მოწმეებმა დაადასტურეს, რომლებიც უკვე დაკითხულები არიან.
მოსამართლის პოზიცია სრულად ემთხვევა საქმის პროკურორისას. სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლების ახალი გარემოება არ არსებობს. პროკურორი ამტკიცებს, რომ რურუასთან მიმართებაში ჯერ ისევ არის მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, თუმცა არ ამბობს, როგორ შეიძლება მოახდინოს მოწმეზე ზემოქმედება გიორგი რურუამ, როცა მათი უმრავლესობა პოლიციელია.
აღკვეთის შეცვლის შუამდგომლობის განხილვის გარდა, დღევანდელ პროცესზე პროკურატურის კიდევ ერთი მოწმე პოლიციელი, პატრულ-ინსპექტორი ალექსანდრე სებისკვერაძე დაკითხეს. ის იმ ეკიპაჟის წევრია, რომელმაც რურუა ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერა. პატრულ ინსპექტორმა დეტალურად მოყვა, როგორ და ვისი მითითებით გააჩერეს რურუას ავტომობილი. ასევე თქვა, რომ ხელმძღვანელების მითითებით იმ დროს სამხრე კამერა გამორთული ჰქონდა.
გიორგი რურუას საქმის განხილვა ორ დღეში ისევ ბრალდების მოქმეების დაკითხვით გაგრძელდება. არ არის ცნობილი, როდის მიიყვანენ სასამართლოში იმ პოლიციელებს, რომლებიც ბრალდებულის ჩხრეკაში პირადად მონაწილეობდნენ. პროკურატურის ნუსხაშია საგამოძიებო ნაწილის ყოფილი უფროსი კახა მურადაშვილიც.
თავად გიორგი რურუას მიმართ კი სისტემა უცვლელია - მოსამართლემ დღეს არ დააკმაყოფილა პოლიტპატიმრის გათავისუფლების მოთხოვნა და საქმის განხილვა გაგრძელდება.