პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნით, მედიის წარმომადგენლების პროტესტი გრძელდება. დღეს, 15 ივლისს 15:00 საათზე ჟურნალისტები შინაგან საქმეთა სამინსიტროსთან მივლენ.
"მთავარი არხის" ჟურნალისტის, ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, მოთხოვნები უცვლელია, მედიის წარმომადგენლები 5 ივლისის ძალადობრივი და ჰომოფობიური დაჯგუფებების აქციის ორგანიზატორების დასჯასა და პრემიერის გადადგომას მოითხოვენ.
"დღეს ჟურნალისტები 15:00 საათზე მივდივართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, იმიტომ რომ შინაგან საქმეთა მინისტრს შევახსენოთ, რომ დასაკავებლები არიან ორგანიზატორები და ვიქნებით ყველგან, სადაც არის დიპ.კორპუსი, იმიტომ რომ შევახსენოთ, რომ ამ ქვეყნის მთავარი მოთხოვნაა, გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი. სადაც იქნება ირაკლი ღარიბაშვილი პირველი კითხვა მასთან იქნება - როდის გადადგება.
ყველაფერი გადავდოთ გვერდზე. ჩვენ ხომ ვიცით, ვინ არიან ორგანიზატორები, ესენი არიან ალტ-ინფოს ტიპები, რომლებსაც თვითონ აფინანსებენ რუსეთთან ერთად, ესენი არიან ფალავანდიშვილი, მოწოდებები ვისგანაც იყო, დააკავონ ორგანიზტორები,- თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
17 ივლისს მედიის წარმომადგენლები მასშტაბურ აქციებს აანონსებენ. ჟურნალისტები და საზოგადოების ნაწილი პრემიერმინისტრის გადადგომას მოითხოვს. მოთხოვნა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 11 ივლისს ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს. 5 ივლისს ძალადობრივი და ჰომოფობიური დაჯგუფების წევრები მას სასტიკად გაუსწორდნენ. აქციაზე ძალადობრივ ქმედებებს წინ, სწორედ, პრემიერმინისტრის განცხადებები უძღოდა.