"ლელო-საქართველოსთვის" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ჟურნალისტების მიმართ მმართველი გუნდის ბოიკოტი ძალადობას ახალისებს. ჯაფარიძის თქმით, ბოიკოტით "ქართული ოცნების" წევრები თავიანთ მომხრეებს ეუბნებიან, რომ ტელევიზიები, რომლებსაც ინტერვიუს არ აძლევენ, მათთვის არასასურველი არხებია.
"4 ტელეარხის მიმართ ასეთი ტიპის განცხადებები, სწორედ, ახალისებს მოძალადე ჯგუფებს, რომ ხვალაც იგივე გაიმეორონ ამ ტელეარხების წარმომადგენლების მიმართ და ამ პასუხისმგებლობას ქართული ოცნება, სამწუხაროდ, ვერ გრძნობს. ეს არის წახალისება, პრაქტიკულად მათ მომხრეებს ეუბნებიან, რომ ეს ჩვენთვის არასასურველი არხებია, მათ ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ და ამით ახალისებენ, რომ მათაც შესაბამისად შესაძლებლობისთანავე რაიმე აგრესიული მოქმედება განახორციელონ",- თქვა ბადრი ჯაფარიძემ.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებით, ხელისუფლებსი ეს გადაწყვეტილება მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ "ოცნებას" ჟურნალისტებთან პასუხი არ აქვს და მათი ეშინია.
ხელისუფლების ბოიკოტი ჟურნალისტებს - "ოცნების" წევრები იმ 4 ტელეკომპანიის ჟურნალისტებს, რომლებმაც გუშინ პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა შეაჩერეს კომენტარებს არ აძლევენ.
დეპუტატები მზეზად იმას ასახელებენ, რომ მედიასაშუალების ხელმძღვანელებმა და სახეებმა პოლიტიკურ აქტივობას თავი უნდა დაანებონ.
შეგახსენებთ, რომ "მთავარმა" "ფორმულამ" "ტვ პირველმა" და "კავკასიამ" მაუწყებლობა ბოიკოტის ნიშნად 14 ივლისს 24 საათით შეაჩერეს. ჟურნალისტების მოთხოვნა უცვლელია - გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი! დაისაჯოს ყველა დამნაშავე!