მმართველი პარტია მედიასთან ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა. ბოიკოტი ოცნებამ "მთავარ არხს", "ტვ პირველს", "ფორმულასა" და "კავკასიას" გამოუცხადა.
ტრიბუნასთან დადგომას კი იმ დისკომფორტის გამო გაურბოდნენ, რაც ჟურნალისტებმა მთავრობის ადმინისტრაციაში, აჭარაში თუ ქუთაისში ოცნების წარმომადგენლებს უკვე შეუქმნეს და პირდაპირ უთხრეს რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და რომ პრემიერმა ღარიბაშვილმა თანამდებობა უნდა დატოვოს.
ოცნების ეს დემარში ოპოზიციისთვის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ მმართველი პარტია მოძალადეების ღია მოკავშირეა.
5 ივლისის მოვლენებიდან და მედიის სადამსჯელო სპეცოპერაციიდან 10 დღე გავიდა. ოცნებას პასუხისმგებლობა არაფერზე არ აუღია და ჟურნალისტებსაც და საზოგადოებასაც მხოლოდ იმას მოუწოდებს რომ გამოძიების შედეგებს დაელოდონ.