ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, სენატორი ბენ კარდინი აცხადებს, რომ 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე თავდასხმები ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან იყო წახალისებული.
სენატორის თქმით, ძალადობასა და ლექსო ლაშქარავას სიკვდილზე პასუხისმგებელ პირებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ:
"5 ივლისს, პრაიდის მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმას, რადიკალური მემარჯვენე ელემენტების მხრიდან, რომელიც წახალისებული იყო ქართული ოცნების ლიდერების მიერ, ჟურნალისტებზე ძალადობა მოჰყვა, რომლებიც დაპირისპირებას აშუქებდნენ. ამ ჰომოფობიური ძალადობის შემოქმედებს, ისევე როგორც მათ, ვინც პასუხისმგებელია ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილზე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. სამარცხვინოა, რომ ქართული ოცნების ლიდერები ყურადღების გადატანას იმ პროფესიონალი ჟურნალისტების დაგმობით ცდილობენ, რომლებიც მხოლოდ თავიანთ საქმეს ასრულებდნენ"- ამბობს სენატორი "ამერიკის ხმასთან"
შეგახსენებთ, რომ "თბილისი პრაიდის" კვირეულში დაგეგმილი "ღირსების მარში" 5 ივლისს ვერ შედგა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი რუსთაველზე პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც ოპოზიციის კარვები დაარბიეს.
რადიკალური ჯგუფები "თბილისი პრაიდის" ოფისში შეიჭრნენ, სცადეს მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისის დარბევაც. მოძალადეების მთავარი სამიზნე გახდა მედია. სცემეს 50-ზე მეტი ჟურნალისტს. სწორედ "სირცხვილიას" ოფისთან გაუსწორდნენ ტვ პირველის ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას სასტიკად.
11 ივლისს დილით, ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი დედამ ნახა.