
საკონსტიტუციო ცვლილებები სწორედ გიორგი რურუას გათავისუფლებაზეა დამოკიდებული - ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმებას შესრულებულად არ მიიჩნევს. ამის მიუხედავად, ხელისუფლების ოპონენეტები დარწმუნებულები არიან, რომ გიორგი რურუას შემთხვევაშიც, ისევე როგორც, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევებში, ხელისუფლებას დათმობაზე წასვლა მოუწევს. მით უფრო, რომ ამ ნაბიჯს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებიც ელოდებიან.
არაერთმა განცხადებამ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან დაადასტურა, რომ ის, რასაც ოპოზიცია ამბობდა მრავალი კვირის მანძილზე, რომ 8 მარტის შეთანხმების მიღწევის მომენტში არსებობდა კონკრეტული შეთანხმება, კონკრეტულ პოლიტპატიმრებზე და კონკრეტულ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე. იმისთვის, რომ შეთანხმების ეს კომპონენტი სრულად შესრულდეს, საჭიროა, რომ მოხდეს გიორგი რურუას საპატიმროდან გათავისუფლება, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა თინა ბოკუჩავამ.
"ქართულ ოცნებაში" კი ისევ ამტკიცებენ, რომ ოპოზიცია თემით სპეკულირებს და ვალდებულების შესრულებაზეც თავად აცხადებს უარს. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ გიორგი რურუასა და საკონსტიტუციო ცვლილებებს შორის ტოლობის ნიშნის დასმა ცინიზმია.
იმედი გვაქვს, რომ ოპოზიცია დაანებებს თავს ამ პოლიტიკურ თამაშებს და გადმოვა საქმიან რეჟიმზე, ჩაერთვება საპარლამენტო ცხოვრებაში, მიიღებს მონაწილეობას კონსტიტუციის კენჭისყრაში და მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს. დაუშვებელია და ცინიკურია ჩვენი საზოგადოებისთვის ვინმე რურუასა და საკონსტიტუციო ცვლილებებს შორის დასვა ტოლობის ნიშანი, - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.