ბრიტანელი პოლიტიკური მიმომხილველი დენიელ ჰამილტონი "მთავარ არხთან" მიცემულ ინტერვიუში, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ვრცლად საუბრობს. ჰამილტონის თქმით, ის ვერ ხვდება რა მოსწონს ქართველ ხალხს მმართველ პარტიაში და რატომ აძლევენ მას ხმას არჩევნებში.
მისივე თქმით, საქართველო ახლა მნიშვნელოვან გარდამავალ ეტაპზეა და აუცილებელია, ქართველების ერთად დგომა:
"მინდა, რამდენიმე სიტყვა ვუთხრა, მმართველი პარტიის მომხრეებს, მე არ ვიცი რას ხედავთ თქვენ როგორც ქართველები ამ მთავრობაში. ქართველები ამაყი ხალხია, რომლებმაც მრავალი ასეული წლის განმავლობაში ბევრი რამ გამოიარეს, მათ შორის ოკუპაცია, რეპრესიები. თქვენი ქვეყანა დაპყრობილი იყო უცხო ქვეყნების მიერ და თქვენ ბევრი იბრძოლეთ ბოლო ათწლეულების განმავლობაში, რომ გქონოდათ დამოუკიდებლობა, პრესის თავისუფლება, რომ დაცული ყოფილიყო უმცირესობების უფლებები ამ ქვეყანაში, ამიტომ, მე არ ვიცი რას ხედავს ამ მთავრობაში ის ხალხი, რომელიც ხმას აძლევს ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს. შესაძლოა მათ ისინი ძლიერები ჰგონიათ, ან ადამიანები, რომლებიც მათივე აზრით, ქართულ ფასეულობებზე აპელირებენ. მაგრამ ის ქართული ფასეულობები, რომლებიც მე ვიცი არ არის დაფუძნებული ჰომოფობიაზე შეუწყნარებლობასა და დაყოფაზე. ამიტომ, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველები ერთად დადგნენ და დაუბრუნდნენ დემოკრატიისკენ მიმავალ გზას. თქვენ, უამრავი მეგობარი გყავთ, რომლებიც თქვენ გაწევრიანებას ნატოსა და ევროკავშირში მხარს უჭერენ. ახლა არის საფრთხე, რომ თქვენი რეპუტაცია მთლიანად დაინგრეს. წარმოიდგინეთ, რომ ახლა 11:00 საათია 12:00 საათზე კი ყველა შანსი სამუდამოდ დაიკარგება. ამას ჩვენ ვერ დავუშვებთ", - ამბობს ჰამილტონი.
ბრიტანელი მიმომხილველი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში მიმდინარე სიტუაცია ასევე პარტნიორების პასუხისმგებლობაა, რადგან მათ არ უნდა დაუშვან ქვეყნის კვლავ რუსეთში დაბრუნება:
"საქართველოს დემოკრატიისთვის ნამდვილად ღირს ბრძოლა და ეს დემოკრატია ქართველების ხელშია, ამიტომ ქართველებმა ზეწოლა უნდა მოახდინონ საკუთარ მთავრობაზე, რომ მან უკან დაიხიოს და არ დაადგეს ძალიან სახიფათო გზას. თუმცა ეს არის ასევე საქართველოს მეგობრების პასუხისმგებლობა. რომ მაქსიმალური ზეწოლა მოვახდინოთ საქართველოს მთავრობაზე გარედან. თუ ბიძინა ივანიშვილი გააგრძელებს ამ ძალადობისა და ძალადობის წახალისების გზას, მაშინ ევროკავშირში გაწევრიანების ის არაჩვეულებრივი გეგმა, რომელიც საქართველოს აქვს ვერ განხორციელდება. მე ძალიან მეტკინება გული, თუ დავინახავ, რომ ეს ქვეყანა ისევ რუსეთის ჭაობში ეშვება. ყველაფერი ქართველების ხელშია, მათ ინიციატივა უნდა აიღონ და ცვლილება მოახდინონ", - თქვა ჰამილტონმა.
მისივე თქმით, ღარიბაშვილმა თანამდებობა აუცილებლად უნდა დატოვოს, რადგან მისი განცხადებები ძალადობის წახალისებას ემსახურება.
"ვფიქრობ კამათიც არ შეიძლება ამ საკითხზე, პრემიერმინისტრი უნდა გადადგეს. მისი განცხადებები არის წამაქეზებელი, მისი კომენტარები არის დამაზიანებელი და წყალში ყრის ყველაფერს, რაც ბოლო ხანებში იყო მიღწეული იმისთვის, რომ საქართველოს როგორ ტურისტული ქვეყნის და საუკეთესო ბიზნეს გარემოს მქონე სახელმწიფოს იმიჯი ამაღლებულიყო", - თქვა მან.